ევროპის საბჭომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული ხარვეზების ანალიზი უზრუნველყო. ორმა ევროპელმა ექსპერტმა განახორციელა არსებული საკანონმდებლო ბაზის ყოვლისმომცველი შეფასება და წარმოადგინა რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მიზანია, პირველ რიგში, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზება და მეორე- არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
შეხვედრა გაიმართა 7 ოქტომბერს, ქ. თბილისში, მრგვალი მაგიდის ფორმატში. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა, ბ-ნ რიტის იოკუბაუსკასმა და ბ-ნ იოს უიტდეჰააგმა ევროპის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით წარმოადგინეს საკუთარი მიგნებები, ხედვა და გამოცდილება. შედეგად, აღნიშნული რეკომენდაციები ორ კატეგორიად დაიყო: პირველი, რომელიც უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ და მეორე, რომელთა დამტკიცებაც შესაძლებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებით. საქართველოს პარლამენტის წევრი, ბ-ნ ზაქარის ქუცნაშვილი მიესალმა შეთავაზებული ცვლილებების უმრავლესობას და ადვოკატებს საკანონმდებლო ორგანოში მათი ლობირების მხარდაჭერაც შესთავაზა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა დაადასტურა რომ რეკომენდაციების ძირითად ნაწილს 24 ოქტომბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გაიტანს. ევროპის საბჭო, გააგრძელებს მომავალში ექსპერტთა რეკომენდაციების დანერგვის პროცესზე დაკვირვებას.
აღნიშნული მრგვალი მაგიდა განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინის და ბელორუსიის პროგრამული თანამეგობრობის ჩარჩოს მიერ. ევროპის საბჭო და ევროკავშირი აღნიშნულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ცდილობენ დაეხმარონ ამ ქვეყნებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

