Back უზენაესი სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების კომისიამ საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2015 წლის 12 იანვარს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეზე  განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებისა და სტილისტიკური გამართულობის თაობაზე რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა. ღონისძიებას დაესწრნენ კომისიის წევრები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს და სხვა დონორებს  კომისიის საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა მოსამართლეთა ფართო აუდიტორიისათვის კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ანა-მარია ტელბისმა გააკეთა პრეზენტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების საკითხის მიმართ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებისა და  პრეცედენტულ სამართალში გამოკვეთილი ძირითადი პრინციპების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი ზაზა მეიშვილი. დისკუსიის დროს მოსამართლეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების გათვალისწინების მნიშვნელობას და მოიწონეს ის, რომ ესქპერტის მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითადი ასპექტები კომისიის საბოლოო რეკომენდაციებში აისახება.

უზენაესი სასამართლოს კომისია 2014 წლის იანვარში შეიქმნა და მისი მანდატი 2015 წლის იანვარში იწურება. კომისიის საქმიანობის შედეგად შემუშავდა სახელმძღვანელო (რეკომენდაციების კრებული)  განაჩენის დასაბუთების თაობაზე. სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება მოსამართლეებისათვის გადაწყვეტილებების დასაბუთების დასაწერად. დოკუმენტი გამოქვეყნდება და გადაეცემათ მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებს.

შეხვედრის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page