2015 წლის 3-4 მარტს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ესტუმრნენ ევროპის საბჭოს. ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის “მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, დანიის მთავრობის შემოწირულობის ხარჯზე.
ვიზიტის მიმდინარეობისას, პროკურორები გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არასათანადო/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლებზე არსებულ უახლეს პრეცედენტებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, პროკურორებს მიეცათ შესაძლებლობა, განეხილათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (“სასამართლო”) მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული და დასრულებული საქმეები. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამავე სასამართლოს მოსამართლემ, ქ-ნ ნონა წოწორიამ. ვიზიტის მიმდინარეობისას, მონაწილეები ასევე დაესწრნენ სასამართლოს დიდი პალატის განხილვას საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პროკურორებმა ასევე შეხვედრები გამართეს წამების პრევენციის კომიტეტის, პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის და ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
სასწავლო ვიზიტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას ქართველი პროკურორები კოლეგებს გაუზიარებენ ტრენერთა ტრენინგის ფორმით. ასევე, იგეგმება ახალი სასწავლო კურიკულუმის შექმნა და თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გადამზადება.
სასწავლო ვიზიტი დაფინანსდა მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ბიუჯეტიდან.

