Back სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე სახელმძღვანელო წინადადებების პრეზენტაცია

2015 წლის 13 თებერვალს უზენაესი სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების კომისიამ მისი საქმიანობის საბოლოო შედეგი - სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე  სახელმძღვანელო წინადადებები წარმოადგინა, რომლებიც შემუშავდა და გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა კომისიის საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა და მის წევრებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს, გაწეული საქმიანობისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მარიანა კიკუმ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმძღვანელო სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენთა  დაუსაბუთებლობის პრობლემის საპასუხოდ შემუშავდა და იგი  საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

სახელმძღვანელო არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც განაჩენთა მოტივაციის დაწერის დროს გასათვალისწინებელი მთავარი საკითხების მონახაზს აკეთებს. ის შეიცავს განაჩენის (პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გამამართლებელი, გამამტყუნებელი განაჩენის,საპროცესო შეთანხმებების) ფორმებს და რეკომენდაციებს  დასაბუთებული გადაწყვეტილების მთავარ ასპექტებზე. ამას გარდა, სახელმძღვანელოში მოცემულია  სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ჩამოყალიბებული მიდგომები და პრინციპები, და მითითებულია შესაბამისი პრეცედენტები. 

სახელმძღვანელო გამოსადეგია როგორც მოსამართლეებისა და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისათვის, ასევე პროკურორებისა და ადვოკატებისთვის. სახელმძღვანელოს პუბლიკაციის შემდეგ იგეგმება მოსამართლეთა გადამზადება სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების საკითხებზე.

სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ვებ გვერდზე www.coe.ge

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და მისი გამოცემა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

headline
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page