Back სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის ახალ მოდელზე იმსჯელეს

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის ახალ მოდელზე იმსჯელეს

2015 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქმის განაწილების ელექტრონული წესის ახალი მოდელის განხილვა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ევროპის საბჭოს ექსპერტები, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თავმჯდომარეები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გაწეული ექსპერტული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პროცესები აამაღლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ეფექტიანობას და გამჭვირვალობას. მისასალმებელი სიტყვა განაგრძო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ბ-ნ ქრისტიან ურსემ. მან მოკლედ მიმოიხილა ევროპის საბჭოს 2010 წლის 17 ნოემბრის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს საქმის განაწილების წესის მაქსიმალური ღიაობისა და კონკრეტულად ჩამოყალიბებული კრიტერიუმების გაწერისკენ. ბ-ნ ურსემ გამოთქვა მზაობა, კვლავ გაგრძელდეს სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერა “მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების” პროექტის ფარგლებში.

სასამართლო სისტემის თხოვნით, საქმის განაწილების ელექტრონული წესის გაწერის პროცესში ჩაერთო ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი_ბ-ნ პაველ რებერცი (სლოვენია) და ბ-ნ რაზვან კრაჩიუნესკუ (რუმინეთი). ექსპერტები გაეცნენ ახალი წესის პროექტის არსებულ ვერსიას, მოუსმინეს მხარეებს და შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს წარმოადგენენ შეფასებებსა და რეკომენდაციებს.

შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს “მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერების” პროექტის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page