Back სემინარი პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციურ და სხვა ტიპის დახურულ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის შესახებ

სემინარი პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციურ და სხვა ტიპის დახურულ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის შესახებ

2023 წლის 10-11 მაისს ორდღიანი სემინარი გაიმართა პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის მოადგილე და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლები. სემინარზე განხილულ იქნა ახლად შემუშავებული მოკლე ინსტრუმენტები, რომლებიც შეიქმნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში და ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (სასამართლო ფსიქიატრიულ განყოფილებაზე ფოკუსირებით) ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

სემინარზე, რომელსაც 20-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, განიხილეს გამოწვევები პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინსპექტირების მიმართულებით. მონაწილეებმა ასევე გააუმჯობესეს ცოდნა ფსიქიკური აშლილობისა და მისი სხვადასხვა ტიპების შესახებ, ფსიქოსოციალური მკურნალობის მნიშვნელობის და იმ სამართლებრივი პროცედურებისა და გარანტიების შესახებ, რომლებიც პაციენტის ინფორმირებულ თანხმობასთან არის დაკავშირებული. სემინარი ასევე შეეხო დაკავებულებთან უსაფრთხო და ეფექტური გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკებს, და იმ პერსონალთან მუშაობის საკითხებს, რომლებსაც არ სურთ  თანამშრომლობა.

სემინარის შედეგად, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს საკუთარი ცოდნა ფსიქიკური აშლილობების შესახებ და უკეთ შეძლებენ მონიტორინგის ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენებას. ახალი ინსტრუმენტები კიდევ უფრო გაზრდის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტურობას, დაეხმარება რა მათ ეფექტურად შეასრულონ თავიანთი ამოცანები, არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და პატიმრების სათანადო მოვლის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ციხეებისა და ეროვნული სასამართლო ფსიქიატრიული განყოფილების შემოწმებისას.

სემინარი გაიმართა პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

11 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და უფლებების დაცვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების (ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების), ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული სერვისების და სხვა შესაბამისი თერაპიული და სარეაბილიტაციო ღონისძიებების  ხელმისაწვდომობის, მიწოდების ხარისხისა და ორგანიზების  გაუმჯობესების გზით.

პროექტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და შემდგომ განვითარებაში და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში, რათა უზრუნველყოს პატიმართა და პრობაციონერთა ჯანმრთელობის დაცვის ეკვივალენტობა და უწყვეტობა, ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

რის მიღწევას ველით?
  • გაძლიერებული პოლიტიკის, მარეგულირებელი და სტრატეგიული ჩარჩოები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდებისა და ორგანიზებისთვის;
  • გაუმჯობესებული ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ეროვნული ორგანოებისთვის, პენიტენციური და პრობაციის სისტემებში ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ხარისხის ეფექტური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემების მენეჯმენტის, ოპერაციული და სამედიცინო პერსონალის, ასევე დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოების თანამშრომლების გაზრდილი შესაძლებლობები და უნარები, რათა  ეფექტურად უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი, ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები და სხვა შესაბამისი თერაპიული და სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები და პრობაციონერები; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური მოპყრობის საჭიროების მქონე პატიმრები, დამოკიდებულებების მქონე პატიმრები (ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლადი პატიმრები,  ქალი პატიმრები, არასრულწლოვანი პატიმრები, პატიმართა და პრობაციონერთა ახლო ნათესავები და ა.შ.

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტი ეყრდნობა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს  ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), ასევე, ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტების  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019) და „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ (2019-2022) მიღწევებს.

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 600 000 ევროს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში (2020-2023).

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი გაგრძელდება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.