Back სემინარი თემაზე „ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფა“

სემინარი თემაზე „ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფა“

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებისთვის (პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი), ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტების, იურისტების, ექიმების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქილოგების შემადგენლობით, გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო და პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფის და, მონიტორინგის პროცესის მეშვეობით, არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო ფსიქიკური ჯანდაცვის მონიტორინგის შესაძლო სტრატეგიებს და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის თანამშრომლობის გზებს.

განხილული საკითხები მოიცავდა ფსიქიკური ჯანდაცვის უზრუნველყოფის კონკრეტულ გამოწვევებს, გამოცდილების გაზიარებას პენიტენციურ და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების სისტემური პრობლემების მონიტორინგის შესახებ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2022-2030 წლების სტრატეგია და 2022-2024 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, ასევე ძირითადი სტრატეგიული მიზნები და ხელმისაწვდომი რესურსები. შედეგად, მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მონიტორინგს გადამწყვეტი როლი აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში.  მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ ინფორმაცია და ცოდნა სხვა კოლეგებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის სემინარის გავლენას.

აღნიშნული სემინარი, რომელიც გაიმართა 2022 წლის 18-19 ნოემბერს, წინანდალში, ორგანიზებული იყო პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სუიციდის პრევენციის პროგრამების გაგრძელებას და ციხის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სისტემაში დასაქმებული ფსიქოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის სპეციალურ გადამზადებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატის პროფესიულ გაძლიერებას, ჯანდაცვის საკითხებზე პატიმართა უფლებებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ პატიმრების ცნობიერების ამაღლებას.

 

პროექტი გვთავაზობს საკითხების მიზნობრივ გადაწყვეტას შემდეგი მიმართულებებით:

(ა) პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას;

(ბ) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

რის მიღწევას ველით?
  • გაუმჯობესებული რეგულაციები და პოლიტიკის ჩარჩო, ფსიქიკური აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების მქონე პატიმრების პრობლემების გადასაჭრელად;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში გამოყენებული ფსიქიატრიული და სხვა პერსონალის სათანადო სამუშაო მეთოდები;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგისა და ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმებსა და სისტემებს;
  • მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებული შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგისა და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების გაწევის ხარისხი;
  • პატიმრების გაზრდილი ცნობიერება ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები, პრობაციონერები და საზოგადოება. 

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტი  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 600 000 ევროს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.