Back ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვის პრევენცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“

ტრენინგი თემაზე „პროფესიული გადაწვის პრევენცია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“

4 ოქტომბერს ევროპის საბჭომ დაიწყო კასკადური ტრენინგების სერია პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისათვის პროფესიული გადაწვის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ.

24-საათიანი სამუშაო გრაფიკი და სხვა სამუშაო პირობები, რომლებიც დამახასიათებელია პენიტენციური სისტემისთვის, თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. ეს თავის მხრივ ართულებს მსჯავრდებულებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას.

 

ტრენინგის კურსი მოიცავს სესიებს პროფესიული სტრესის მავნე ზემოქმედების შესახებ მსჯავრდებულთათვის მომსახურების გაწევის ეფექტურობაზე, გადაწვის პრევენციის სტრატეგიებზე, საკუთარ თავსა და პერსონალზე ზრუნვაზე და სხვა საკითხებზე. 10 დღის განმავლობაში ტრენინგ კურსში ჩაერთვება პენიტენციური სისტემის 75 თანამშრომელი, მათ შორის, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სამედიცინო პერსონალი. ტრენინგების შედეგად პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს შეეძლებათ თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან პროფესიულ გადაწვასთან დაკავშირებული პრობლემები და შეინარჩუნონ გაწეული მომსახურების ხარისხი უაღრესად დაძაბულ სამუშაო გარემოში.  

 

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

4 ოქტომბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სუიციდის პრევენციის პროგრამების გაგრძელებას და ციხის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სისტემაში დასაქმებული ფსიქოლოგებისა და სამედიცინო პერსონალის სპეციალურ გადამზადებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატის პროფესიულ გაძლიერებას, ჯანდაცვის საკითხებზე პატიმართა უფლებებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ პატიმრების ცნობიერების ამაღლებას.

 

პროექტი გვთავაზობს საკითხების მიზნობრივ გადაწყვეტას შემდეგი მიმართულებებით:

(ა) პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას;

(ბ) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას.

რის მიღწევას ველით?
  • გაუმჯობესებული რეგულაციები და პოლიტიკის ჩარჩო, ფსიქიკური აშლილობისა და ნარკოდამოკიდებულების მქონე პატიმრების პრობლემების გადასაჭრელად;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში გამოყენებული ფსიქიატრიული და სხვა პერსონალის სათანადო სამუშაო მეთოდები;
  • შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის მონიტორინგისა და ზედამხედველობის კონტროლის მექანიზმებსა და სისტემებს;
  • მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებული შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მონიტორინგისა და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების გაწევის ხარისხი;
  • პატიმრების გაზრდილი ცნობიერება ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებისა და პროგრამების შესახებ.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები:

პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი; პრევენციის ეროვნული მექანიზმი; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

საბოლოო ბენეფიციარები: პატიმრები, პრობაციონერები და საზოგადოება. 

როგორ იმუშავებს პროექტი?

პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ნებაყოფლობითი შემოწირულობებით დაფინანსებული პროექტი  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019).

საჭიროებათა შეფასება, საექსპერტო კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა შეხვედრები, საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამები - ერთობლიობაში უზრუნველყოფს პროექტის მიზნის მიღწევას.

ბიუჯეტი:

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 600 000 ევროს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.