ტრავმის ამოცნობა და სათანადო რეაგირების გზების განსაზღვრა, საკვანძო მნიშვნელობისაა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარები ტრავმის შეფასებისა და სათანადო რეაგირების მიმართულებით.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან თერაპიული ინტერვენციის საკითხებზე გამართული ტრენერთა ტრენინგის სესიების მიმდინარეობისას, ფსიქოლოგების პრაქტიკული სავარჯიშოები და შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება, ფოკუსირებული იყო სექსუალური ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირებაზე, ტრავმის სკრინინგსა და შეფასებაზე. ასევე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების გამოყენებასა და კომპლექსურ კლინიკურ და საგამოძიებო კონტექსტში სათანადო რეაგირებაზე.
„ტრენინგი დამეხმარა, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გადამექცია და კომპლექსური შემთხვევების მართვისას, მეტი თავდაჯერებულობა შემძინა“, - აღნიშნა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგმა.
ტრენინგმა გააძლიერა ის პრაქტიკული უნარები, რომლებსაც ფსიქოლოგები ინდივიდუალური შემთხვევების შეფასებისა და რეაგირების გზების განსაზღვრისას გამოიყენებენ. აღნიშნული უნარები ხელს უწყობს მათ საქმიანობას სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ტრავმაზე ინფორმირებული და ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროცესში.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




