ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ტრენერთა ტრენინგის პროგრამის პირველი ეტაპი სახელწოდებით „შესავალი ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაში“. მიმდინარე წლის 7-8 და 14-15 დეკემბერს კახეთის რეგიონში ჩატარებული აღნიშნული კასკადური ტრენინგები მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის სტრატეგიებისა და ნარკოტიკრბის პრევენციაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაცნობას, რაც წარმოადგენს მათ, როგორც ბავშებთან და მოზარდებთან ყოველდღიურ კონტაქტში მყოფი პირების, როლს. ამას გარდა, ტრენინგების ფარგლებში მოხდა პედაგოგებისთვის ბავშვებსა და მოზარდებში სტრესსა და ტრავმებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ტექნიკების გაზიარება. ტრენერთა ტრენინგმა მასწავლებლებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და ცოდნა შესძინა, რაც მათ, ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული მიდგომების გამოყენებით, სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემოს ჩამოაყალიბებაში დაეხმარება.
მონაწილეებმა განიხილეს პრევენციის საერთაშორისო, მათ შორის UNODC-ისა და ევროპული სამართლებრივი ჩარჩოთი დადგენილი სტანდარტები, ასევე ოჯახზე დაფუძნებული და გარემოზე მიმართული პრევენციული ჩარევები. ამას გარდა, ტრენინგების მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეპიდემიოლოგიის კრიტიკულ როლს ნარკოტიკების პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებაში.
ტრენერთა ტრენინგების (ToT) პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ნარკოტიკების პრევენციის 2021-2026 წლების სტრატეგიის ჯეროვნად განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით მიზნობრივი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევების მეშვეობით ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ ახალგაზრდების მოწყვლადობის შემცირებაზე. მასწავლებლების, როგორც ნარკოტიკების პრევენციის პროცესში ძირითადი აქტორების, გადამზადებით, პროექტი ქმნის საფუძველს და ხელს უწყობს მოწყვლად ჯგუფებში ადრეული პრევენციული სისტემის მდგრად განვითარებას.
ამას გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და მანდატურის სამსახურს შორის თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მასწავლებლებს წარედგინათ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის მიერ მოზარდებთან და მათ მშობლებთან ერთად განხორციელებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები და პროგრამები.
ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპის ჩატარება 2025 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. მეორე ეტაპი მიზნად ისახავს ნარკოტიკების პრევენციის სფეროში ექსპერტიზის დახვეწასა და შემდგომ განვითარებას.
მასწავლებელთა ტრენერთა ტრენინგი პომპიდუს ჯგუფის პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმით ფინანსდება.