პომპიდუ ჯგუფმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებაში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის მიზნით ციხეზე დაფუძნებული თერაპიული თემების შექმნის შესახებ კვლევა ჩაატარა. საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების ჩართულობით, შეფასდა პენიტენციურ სისტემაში თერაპიული თემის დანერგვის შესაძლებლობა. სასჯელაღსრულების შერჩეულ დაწესებულებაში აღნიშნული მიდგომის დანერგვა ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის უფრო მდგრადი პროგრამების შექმნას, რაც შეამცირებს დამოკიდებულებისა და დანაშაულის რეციდივის მაჩვენებლებს. ასევე, ეს წვლილს შეიტანს ნარკოტიკების მკურნალობის კომპლექსური სისტემის განვითარებასა და საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების პროცესში ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების პრევენციისა და დამოკიდებულებების მკურნალობის კუთხით.
ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართველმა კოლეგებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული სარეაბილიტაციო სისტემა, მისი სტრუქტურული მოწყობის, ოპერატიული მექანიზმებისა და მიმდინარე პროგრამების დეტალური აღწერით. რეაბილიტაციის პროცესში თერაპიული თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ დააფიქსირა მზადყოფნა დაიწყოს თერაპიული თემის დანერგვა და პირველი საპილოტე პროგრამა რუსთავის №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში განახორციელოს.
ორდღიანი მისიის ფარგლებში, ექსპერტებმა გააზიარეს ამ კუთხით რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილება და დეტალურად განიხილეს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, შიდა რეგულაციები და ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქმედი მოდალობები. ვიზიტისას, ექსპერტები ეწვივნენ რუსთავის №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც თერაპიული თემის ჩამოყალიბების მიზნით დაწესებულების შიდა და გარე ინფრასტრუქტურა შეფასდა.
აღნიშნული შეფასების შემდგომ მომზადდება ყოვლისმომცველი ანგარიში დეტალური რეკომენდაციებით, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სამსახურს გადაეცემა. მიმდინარე წლის 1-2 აპრილს ჩატარებული ვიზიტი წარმოადგენს თერაპიული თემის შექმნის და საქართველოს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთანამშრომლობის გაგრძელებას.
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება საქართველოსთვის 2024-2027 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




