პომპიდუ ჯგუფი აგრძელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე იმ სპეციალისტების (აღმზრდელები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები) ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც მოწყვლად ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ.
სოციალური მუშაკები და პედაგოგები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა სახლებსა და ბავშვთა თავშესაფრებში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, მიმდინარე წლის 1-3 ივლისს შეიკრიბნენ და იმსჯელეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.
პომპიდუ ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, ფოკუსირებული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერაზე, გუნდურ მუშაობასა და ოჯახებთან კომუნიკაციაზე, ასევე, პროფესიონალთა შორის სტიგმატიზაციისა და გადაწვის პრევენციის გზებზე.
კონკრეტულ შემთხვევებზე მაგალითების განხილვით, ტრენინგის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა ნივთიერებათა მოხმარებით ან სხვა ტიპის დამოკიდებულებით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიცირებაზე.
სამდღიანი ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და მოიცავდა ჯგუფურ სავარჯიშოებსა და სუპერვიზიის სესიებს სპეციალისტების პრაქტიკისა და პროფესიული შემთხვევების განხილვის გზით. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ექსპერტებისგან მათი ყოველდღიური მუშაობის შესახებ სრულყოფილი უკუკავშირი მიიღეს.
ტრენინგის შედეგად, სოციალურმა მუშაკებმა და სპეციალისტებმა გაიღრმავეს ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხებისა და მის პრაქტიკული ნიუანსების შესახებ. მათი შეფასებით, ეს იყო პირველი სრულყოფილი და ყოვლისმომცველი ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინათ ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობების ტექნიკა და მეთოდოლოგია ყოველდღიურ საქმიანობაში.
აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ’’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ მიერ, რომელსაც ახორციელებს ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი საქართველოსთვის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.




