ყოველწლიურად ევროპის საბჭოს ოფისი საქართველო დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ საჯარო აქტივობებით თანასწორობის კვირეულს აღნიშნავს. 2024 წლიდან პროექტი ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ სხვადასხვა ფიზიკურ და ონლაინ ინიციატივებს ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში რელიგიურ, ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, აგრეთვე სხვადასხვა თემის თანაცხოვრებას, როგორც სოციალური ერთიანობის ინსტრუმენტს.
წლევანდელი თანასწორობის კვირეულის აღსანიშნავად, პროექტმა ქვემო ქართლის სხვადასხვა თემის ცხოვრება და კულტურა ასახა, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონიდან, რომელიც თავისი შესანიშნავი ეთნიკური მრავალფეროვნებით არის ცნობილი. რეგიონი ეთნიკური ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნების და გერმანელების სახლია. ეს თემები ერთად სასიცოცხლო როლს ასრულებენ ქვემო ქართლის სოციალური და კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში, რაც ასახავს საქართველოს უფრო ფართო ერთგულებას ისეთი ევროპული ღირებულებების მიმართ, როგორიცაა პატივისცემა, მრავალფეროვნება, მულტიკულტურალიზმი და მშვიდობიანი თანაარსებობა. ისტორიების მოყოლის საშუალებით, ცნობიერების ამაღლების ინიციატივამ კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლა ადგილობრივი ტრადიციები და ადათ-წესები, ასევე ადგილობრივ თემებს შორის სოლიდარობის მაგალითები.
2025 წლის თანასწორობის კვირეულის აღსანიშნავად, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ქვემო ქართლში, სოფელ სამშვილდეში შეიკრიბნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა კვირეულის მთავარი ვიდეოს პრეზენტაციასა და ადგილობრივი თემისთვის გამოცდილებებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ უსაფრთხო სივრცის შექმნას. აგრეთვე, ღონისძიებაზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები და მიღწევები, პროგრესი თანასწორობის ხელშეწყობაში მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის , მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემებისთვის, ასევე ლგბტ პირებისთვის. 2024 წელს დაწყებული პროექტი მიზნად ისახავდა დაუცველი ჯგუფებისა და უმცირესობების დაცვის გაძლიერებას მართლმსაჯულების სისტემის რეაგირებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა მხარდაჭერის გაუმჯობესების, დისკრიმინაციის აკრძალვის ადვოკატირების, აგრეთვე, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’, რომელიც საქართველოში ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




