„როდესაც პრევენციის ტრენინგი თეორიას სცილდება, იწყება რეალური ცვლილებები“ - ეს იყო საერთო გზავნილი იმ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან, რომლებიც დაესწრნენ ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ორდღიან ერთობლივ სამუშაო შეხვედრას. შეხვედრას დაესწრო სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მუნიციპალიტეტების 30-ზე მეტი წარმომადგენელი კოორდინაციის გასაძლიერებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანის მიზნით.
სამუშაო შეხვედრამ ბევრი მონაწილისთვის უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგი: „ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში მჭიდრო შეხება მაქვს ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან. პრევენციის შესახებ კასკადური ტრენინგების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დამეხმარა ჩემი მიდგომების გადაფასებაში, საბოლოო ბენეფიციარებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირებასა და ყოველდღიური საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. დადებითი შედეგები ჩემთვის ცალსახა და თვალსაჩინოა.“ - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენელმა.
პრევენციის ძალისხმევა, ასევე, გამოიკვეთა ინდივიდუალური პრაქტიკის მიღმაც: გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ჩატარებული ტრენინგისა და მოწოდებული მასალებით, მათ შორის ნარკოტიკების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა პრევენციული ღონისძიებების 12 სტრატეგია, რომელიც ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს ხელს უწყობს უფრო მეტად ფოკუსირდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრევენცია არ არის საკმარისად პრიორიტეტული გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დონეზე, მიზნობრივ ტრენინგებს, შესაბამისი ინსტრუმენტების გაზიარებასა და სპეციალისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, თეორიული ცოდნის ქმედებად გარდაქმნა შეუძლია, ასევე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის - გაზომვადი გავლენის შექმნა.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილს.




