2025 წლის 18 ნოემბერს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გამართა გურიის რეგიონში.
ღონისძიება მოიცავდა სამ ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 90-მა ადამიანმა, მათ შორის 14 წელს ზემოთ ასაკის სკოლის მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა/მზრუნველებმა, ასევე პედაგოგებმა.
შეხვედრების მიზანი იყო მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე, მათ შორის ონლაინ რისკების შესახებ, და პრაქტიკული უნარების გამომუშავება შესაძლო შემთხვევების ამოცნობის, პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით.
ღია დისკუსიებსა და აქტივობებში ბავშვების, მშობლების/მზრუნველებისა და მასწავლებლების ჩართვით ღონისძიებამ ხელი შეუწყო უსაფრთხო სკოლისა და ოჯახური გარემოს შექმნას და საზოგადოების უნარის გაძლიერებას ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართულებით.
შედეგად, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა რისკ-ფაქტორებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ; ისინი უფრო მეტად ენდობიან საკუთარ შესაძლებლობებს დახმარების მოთხოვნისა და გაწევისას; და აქვთ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, რომ ხელი შეუწყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებას საკუთარ ოჯახებში, სკოლებსა და თემებში.
აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის 2024–2027 წ.წ. ფარგლებში, „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ პროექტის ორგანიზებით.




