2025 წლის 26-27 მარტს ევროპის საბჭომ ორდღიან ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის მიზანი იყო ბავშვებში და მშობლებში ცოდნის გაღრმავება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ონლაინ რისკების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით. ღონისძიებაში მონაწილეობა 110-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ოჯახებმა და ბავშვთა დაცვის სფეროს პროფესიონალებმა. შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება, ემსჯელათ არსებულ გამოწვევებზე და ერთად მოეძებნათ მათი გადაჭრის გზები. მონაწილეებმა დისკუსიები გაიმართეს მხარდამჭერ და ინკლუზიურ გარემოში, რეკომენდაციებიც გაუზიარეს ერთმანეთს, დასვეს კითხვები და გაიღრმავეს ცოდნა ბავშვთა უფლებებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ, რაც მათ ონლაინ ძალადობის პრევენციასა და შესაბამის რეაგირებაში დაეხმარებათ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა და მშობლებმა მიიღეს ხელმისაწვდომი და ასაკთან შესაბამისი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ამოიცნონ ძალადობის გამაფრთხილებელი ნიშნები, როგორ უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია ციფრულ სივრცეში და მიიღონ დახმარება საჭიროების შემთხვევაში.
სესიის დასაწყისში, ეროვნულმა კონსულტანტებმა, სახალხო დამცველის აპარატისა და მანდატურის სამსახურის მხარდაჭერით, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ჩაერთვნენ ინტერაქტიულ სემინარებში, რომლებიც დაეთმო ონლაინ უსაფრთხოებას, თვითდაცვით სტრატეგიებს და ძალადობის ნიშნების ამოცნობას.
აღნიშნული ინიციატივები ასახავს ევროპის საბჭოს ძალისხმევას საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. თანამშრომლობითი ქმედებების წახალისებით და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფით, ევროპის საბჭო ხელს უწყობს ბავშვების დაცვას ციფრული და სოციალური გამოწვევებისგან.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის “ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.




