Back ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ბოლოდროინდელი ახალი ამბების სათაურებში ქალები ყოველდღიურად ფიგურირებენ. ეპშტეინის საქმის ფაილებში ცენტრალური ადგილი უკავია სექს-ტრეფიკინგის ქსელს. ჟიზელ პელიკოს გაუპატიურება და ძალადობა ათეულობით მამაკაცის მიერ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქალებისა და გოგონების პორნოგრაფიული სურათების შესაქმნელად, მათი თანხმობის გარეშე.

ზოგიერთი ადამიანი უგულებელყოფს ამ სათაურებს და თავს ქვიშაში მალავს. ზოგი ამბობს, რომ გენდერული თანასწორობა „ძალიან შორს წავიდა“. ზოგი არც კი მალავს თავის აზრს, რომ ქალებმა „თავისი ადგილი უნდა იცოდნენ“.

მაგრამ, ფაქტი ერთია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 10 წუთში ერთი ქალი კვდება თავისივე ნაცნობის მიერ. ევროპაში, ყოველი მესამე ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. ყოველი ექვსი ქალიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. და ეს მხოლოდ ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევებია.

მე არ მჯერა იმ სამყაროსი, სადაც ქალის ადგილი შეზღუდული უფლებებითა და შეუზღუდავი შიშით არის სავსე.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია) არსებობს ჩვენი კოლექტიური მოქმედების ჩარჩოს გასაძლიერებლად. სტამბოლის კონვენციამ, ძალაში შესვლიდან 12 წლის შემდეგ, ნამდვილი ცვლილებები მოახდინა მთელ ევროპაში.

მაგრამ, სამყარო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა პოლიტიკასა და ლიდერულ პოზიციებზე მყოფი ქალების განზრახ ონლაინ სამიზნედ გამოყენება. ხშირად, გაუპატიურების, მკვლელობის ან ციფრული ძალადობის სხვა ფორმების მუქარით, ზოგიერთ ქალს თანამდებობიდან გადადგომა აიძულა, ხოლო სხვებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაუკარგა და აიძულა დაეტოვებინათ პოლიტიკა. ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის სტატისტიკა კი ევროპაში კვლავ ძალიან მაღალი რჩება.

წევრმა სახელმწიფოებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ ქალების უსაფრთხოება და დემოკრატიულ სამყაროში მათი სრულად მონაწილეობის შესაძლებლობა. სტამბოლის კონვენციით დადგენილი სტანდარტები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც წევრი სახელმწიფოები იცავენ კონვენციის მიერ დადგენილ პრინციპებს, და ხელს უწყობენ მის ეფექტიან განხორციელებასა და აღსრულებას პრაქტიკაში.

მაგრამ, ყველა წევრ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, სხვები კი მის დატოვებას განიხილავენ.

ამის გაკეთება ნიშნავს არა მხოლოდ ევროპის მოსახლეობის ორმოცდაათი პროცენტის, არამედ მთელი ევროპის მოსახლეობის წარუმატებლობას. ქალების ხმა გადამწყვეტია საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლების უზრუნველყოფისთვის.

ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ აღვნიშნავთ ქალების სიმტკიცეს, მიღწევებსა და გამძლეობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სტანდარტები და გავაძლიეროთ მუშაობა სრულიად ინკლუზიური ევროპისთვის, რათა ახალი ამბების სათაურები აღარ იყოს ქალი მსხვერპლების შესახებ, არამედ ხაზი გავუსვათ, გენდერზე კომენტარის გარეშე, მათ ლიდერობას ყველა სფეროში თანაბარი რაოდენობით.

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 6 მარტი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge