ევროპის საბჭომ Mini DataFest Tbilisi 2025-ის ფარგლებში, 29 ნოემბერს ბავშვთა ციფრული უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები გამართა.
ინივიატივის მიზანი იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების ცოდნის გაუმჯობესება ონლაინ მათი პერსონალური მონაცემების გენერირების შესახებ, ასევე, ინფორმირება, თუ როგორ მოითხოვონ დახმარება საჭიროების შემთხვევაში. მონაწილეები უსაფრთხო და საინტერესო გარემოში გაეცნენ მონაცემებს, ტექნოლოგიებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მონაცემთა ფესტივალი ბევრად მეტი იყო, ვიდრე სახალისო ღონისძიება და მონაწილეებს ციფრულ გარემოში უსაფრთხო ნავიგაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების შეძენაში დაეხმარა. აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე იყო მორგებული და მათ სპეციალურად მომზადებულმა მოხალისეებმა უხელმძღვანელეს. ბავშვებმა ისტორიებზე დაფუძნებულ მოგზაურობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც დაიწყო მონაცემთა შეგროვების ინსტალაციით - „სადაც მონაცემები იწყება“. აქტივობამ აჩვენა, თუ როგორ ქმნის მარტივი ონლაინ ქმედებები მონაცემებს. მოგზაურობა დეტექტივის მიერ მონაცემთა ძიებით გაგრძელდა - „იპოვეთ მინიშნებები, დაიცავით თქვენი მონაცემები!“. უსაფრთხო გაზიარების, ძლიერი პაროლების, ფოტოების კონფიდენციალურობისა და ონლაინ უსაფრთხოების შესახებ თამაშების მეშვეობით, მონაწილეებმა შეაგროვეს ბეჭდები თავიანთ „ციფრულ მოქალაქის პასპორტში“ და მოიპოვეს „უსაფრთხო ციფრული მოქალაქის“ ტიტული.
და ბოლოს, სემინარმა „უსაფრთხო ციფრული მე“ 11-14 წლის ბავშვები გააერთიანა, სადაც მათ კონფიდენციალურობის, თანხმობის, ონლაინ რისკებისა და დახმარების ძიების საკითხები განიხილეს. მათ, ასევე, ისაუბრეს საკუთარ ონლაინ ჩვევებსა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.
DataFest Tbilisi 2025-თან პარტნიორობით, ევროპის საბჭომ ხელი შეუწყო ბავშვთა უფლებების დაცვას ციფრულ გარემოში და წვლილი შეიტანა საქართველოში ბავშვებისთვის ციფრული მდგრადობის გაძლიერებასა და უფრო უსაფრთხო ონლაინ სამყაროს შექმნაში.
აქტივობები განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




