პოზიტიური მშობლობის პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ინერგება და უზრუნველყოფს ოჯახებთან მომუშავე სპეციალისტების პრაქტიკული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტებით აღჭურვას. პოზიტიური მშობლობის პროგრამა განკუთვნილია მშობლებისთვის და მომავალი მშობლებისთვის, რომლებიც შესაძლოა განიცდიან ან შეიძლება განიცადონ შვილებთან კომუნიკაციის სირთულეები და არ იციან როგორია გამკვლავების გზები. პროგრამა სთავაზობს მკაფიო, სტრუქტურირებულ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მშობლებსა და მომავალ მშობლებს, უკეთ გაეცნონ ბავშვის განვითარების ეტაპებს, მიჯაჭვულობის ფორმებს, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციის უნარებს, კონფლიქტების მართვას, ნდობის შექმნასა და პრობლემების თავიდან აცილებას მათ ესკალაციამდე.
თბილისი, 2026 წლის 10-12 თებერვალი — ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დასკვნით სამუშაო შეხვედრაში პოზიტიური მშობლობის პროგრამის შემდგომი დანერგვის შესახებ, მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს,არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა. შეხვედრაზე მოხდა ფასილიტატორთა სახელმძღვანელოს წარდგენა და სპეციალისტების მომზადება, რათა შემდგომში მათ დამოუკიდებლად შეძლონ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ფასილიტატორების გადამზადება.
პოზიტიური მშობლობის პროგრამა მიმდინარეობს სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებაში და მესამეშიც იწყება დანერგვა. აღნიშნული მიუთითებს პროგრამის მასშტაბურ ამოქმედებაზე, რაც წარმოადგენს პროექტის ხელშესახებ, სისტემურ და პირდაპირ გაზომვად გავლენას.
პროგრამის ერთ-ერთმა ავტორმა და ფასილიტატორმა აღნიშნა: "ეს შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ახალი ფასილიტატორების გადამზადების პროცესის უკეთესად დასაგეგმად. მივიღეთ დეტალური რეკომენდაციები ფასილიტატორების სახელმძღვანელოს შესახებ, განვახორციელეთ მოდულის სიმულაციები, გამოვკვეთეთ ის სფეროები, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებს და სხვა ფასილიტატორთა უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად კონკრეტული რეკომენდაციები შევიმუშავეთ. ამას გარდა, გავაზიარეთ საპილოტე პროგრამის შედეგები და განვიხილეთ სამომავლო გეგმები შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებით.”
სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროექტის „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილს.




