Back

გახდი თანასწორობის ელჩი

გახდი თანასწორობის ელჩი

თანასწორობის ელჩები

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საშუალებით გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდასაჭერად, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

რატომ თანასწორობის ელჩები?

თანასწორობის ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ მხარი დაუჭირონ  და ჩაერთონ კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ აქტივობებში. თანასწორობა ნიშნავს შესაძლებლობების თანასწორ უზრუნველყოფას, რაც ადამიანებს, მიუხედავად მათი ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, მოქალაქეობისა, რელიგიისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა მისცემს ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციის საშუალებას. მრავალფეროვნება ამ განსხვავებულობათა აღიარება და პატივისცემაა მრავალფეროვანი გარემოს შექმნის მიზნით.

თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტივობა და ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით თანასწორობის ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებში კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობის“ მხარდაჭერით.

ვის შეუძლია გახდეს თანასწორობის ელჩი?

თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოთ 18-30 წლის ახალგაზრდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან;
  • იყოთ სამოქალაქო აქტივისტი თემის მობილიზებისა  და ჩართულობის 2 წლიანი გამოცდილებით;
  • იზიარებდეთ ევროპის საბჭოს ღირებულებებს;
  • გქონდეთ ზოგადი ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • პირადი რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • იდეები, რომლის განხორციელებაც თქვენი აზრით კარგი იქნება თქვენს რეგიონში/თემში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის და თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით.

შერჩევის პროცესი:

მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 ოქტომბერი 2020. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: anti-discrimination@coe.int სათაურით: თანასწორობის ელჩი

შერჩეული ელჩები დასახელდებიან თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2020 წლის 9-16 ნოემბერს.

ეს აქტივობა ტარდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.