ვენეციის კომისიამ დაჩქარებული წესით მიღებული დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების შესახებ. ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა.
საკანონმდებლო პროცესის ანალიზის ნაწილში მოსაზრება აღნიშნავს, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს კი სერიოზულ ეჭვს აყენებს ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასშტაბური პოლიტიკური საპროტესტო აქციების ფართო კონტექსტში.
ცვლილებები შეიცავს არაერთ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებას, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. ეს არღვევს სამართლებრივი ჩარჩოს წინასწარ განჭვრეტადობას და აზიანებს უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.
გარდა ამისა, ცვლილებებში სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, ჩანს, რომ გადაჭარბებულია. ამ ზომებს, სავარაუდოდ, მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. ყოვლისმომცველი ზეგავლენის შეფასება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა დარჩეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული იმ ლეგიტიმური მიზნებისა, რომელთა მიღწევასაც ისინი ცდილობენ.
პრესრელიზი
საქართველო: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესით გადახედვას საჭიროებს, აცხადებს ვენეციის კომისია




