Back „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად“ - აცხადებს PACE-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიზიტის დასასრულს

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად“ - აცხადებს PACE-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიზიტის დასასრულს

საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ დასძინა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში გაიმართება. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად, საკვანძო როლს შეასრულებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში სამართლიანი ადგილის დაცვაში.

„ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, ვიანიდან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება,“ - განაცხადა იულიან ბულაიმ.

„ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია ოპოზიციის წევრების შესაძლო შევიწროების ფაქტები, ისევე როგორც მუქარა, დაშინება და სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მისამართით. შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. შეშფოთებული ვარ არჩევნების წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მსუსხავი ზეგავლენით აქტივისტებსა და არჩევნების შიდა დამკვირვებლებზე და ვიმეორებ ასამბლეის მოწოდებას კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც შეუსაბამოა ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. მოვუწოდებ ხელისუფლების წევრებს, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება - ვიცით, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ კანონს. ამასთან დაკავშირებით, გვაშფოთებს არასამთავრობო ორგანიზაციების  „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელთაც ეკისრებათ იგივე ფინანსური ზედამხედველობა და შეზღუდვები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს, რასაც აგრეთვე აქვს მსუსხავი ეფექტი“.

„ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც  სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად)  და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა შეასუსტოს ამ 2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ  კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ბ-ნმა ბულაიმ აგრეთვე დასძინა: „ვგმობ საარჩევნო კანონში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე შეტანილ ცვლილებას, რომელმაც შესაძლოა საზიანო გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობაზე და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ პარტიულ სიებში ქალების სათანადოდ წარმოდგენა.“

„ჩვენმა დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და მიესალმება რომ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვის წყალობით მოხდება არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა საგანმანათლებლო კამპანია. მიმაჩნია, რომ ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დაისვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ“, - განაცხადა ბ-ნმა ბულაიმ.

„ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანასწორ გარემოზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმისათვის საზიანო რიტორიკისაგან, როგორიცაა მაგალითად ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება.  ეს უკანასკნელი სერიოზულად შეაფერხებდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - დაასკვნა მან.

ექვსკაციანმა მრავალპარტიულმა დელეგაციამ, ბ-ნი ბულაის ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სრულუფლებიანი 32 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს კენჭისყრის დასაკვირვებლად ეწვევა.

26 სექტემბერი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge