ადამიანური ისტორიები

Back არამ აკოპიანი

არამ აკოპიანი

სომხები სულაც არ ყოფილხართ ისეთები, როგორებიც მეგონეთო, ჩემი უახლოესი მეგობარი გამომიტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემთან ურთიერთობამდე, მასაც სჯეროდა სომხების შესახებ არსებული ისეთი სტერეოტიპების, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. სტერეოტიპი მართლაც ბევრია, თუმცა მე ვცდილობ, მათ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით დავუპირისპირდე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, სომხურენოვან ოჯახში გავიზარდე. მარნეული ძალიან მრავალფეროვანია. აქ ერთად ვცხოვრობდით ეთნიკურად სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები. სკოლის პერიოდში, თანატოლები ფეხბურთსა თუ ცეკვაზე ერთად დავდიოდით, ერთმანეთის ენაც ვისწავლეთ და დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას.

მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ქართულ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებული ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე. აქ ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახლოა. შესაბამისად, მაქვს სურვილი, ჩემი რეგიონისა თუ ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებები მოვიტანო. ამ იდეის ნაწილია ახალგაზრდული განვითარების სახლი, სათემო ცენტრი, რომელიც ჩემს სოფელში დავაფუძნე. ამიტომ ვარ წითელსოფლის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი, რომელიც ერთადერთი კლუბია რეგიონში, სადაც გოგოებიც ვარჯიშობენ. ჩემი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყო ადგილობრივი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის ცოდნის პრობლემა ახლაც დგას, თუმცა არც ისე მძაფრად, როგორც ეს უფროსი თაობების დროს შეინიშნებოდა. ბევრი გარემოება შეიცვალა, ბავშვებს აქ სწავლის სურვილი და შესაძლებლობები გაუჩნდათ, უნივერსიტეტში აბარებენ და სამხედრო სამსახურსაც გადიან. პირადად მე, 4+1 პროგრამით უნივერსიტეტშიც ვსწავლობ და ჯარში არაჩვეულებრივი აზერბაიჯანელი მეგობარიც შევიძინე.

ჩვენი ცენტრი ცდილობს, ახალგაზრდებს სწორედ ადგილობრივ საზოგადოებასთან დაახლოებაში დაეხმაროს. ხშირად ვაორგანიზებთ ბანაკებს სწორედ იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ქართული ენა საბაზისო დონეზე მაინც იციან - ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ მათ ენა ისწავლონ. თანაც, დაინტერესება ძალიან დიდია როგორც თავად ახალგაზრდების, ასევე მათი მშობლების მხრიდან.

მე ამას ვაკეთებ იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემი რეგიონისთვისა და ჩემი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ჩემი სურვილია, ახალ თაობაშიც იყვნენ აქტივისტები, რომლებიც ამ საქმეში შემომიერთდებიან და სტერეოტიპებსაც ჩემთან ერთად დაუპირისპირდებიან.”

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page