ეს ჩვენი ისტორიაა

Back სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას (დაახლოებით, 50,52%) სომხები წარმოადგენენ. სომხური კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ზოგადად, სომხები ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ერია მსოფლიოში.

 

სომხების გაქრისტიანება უკავშირდება გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობასა და ქადაგებას.

 

სომხური ეკლესიის წინაშე მისი ღვაწლის გამო, ხშირად ეკლესიასაც არასწორად „გრიგორიანულს“ უწოდებენ ხოლმე. რალურად, სომხური ეკლესიის სრული სახელწოდებაა „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია“.

 

საქართველოში მცხოვრები სომხები ზოგადი სომხური კულტურულ-ცივილიზაციური ერთობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, რაც აისახება კიდეც საერთო ტრაციციებში, წეს-ჩვეულებებსა თუ სხვადასხვა რელიგიურ-სახალხო დღესასწაულებში. მათ შორის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია სურბ სარქისობა. სურბ სარქისი ერთ-ერთი მოწამეა, რომლის სახელობის დღესასწაულს გამორჩეული ადგილი უჭირავს სომეხთა ცხოვრებაში. დღესასწაული რელიგიურია, თუმცა ის სახალხო ხასიათსაც ატარებს. სურბ სარქისი შეყვარებულების მფარველ წმინდანად ითვლება. დღესასწაულს წინ უძღვის ხუთდღიანი მარხვა, დღესასწაულის დღეს კი ახალგაზრდები კვერებს მიირთმევენ. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს შეყვარებული ახალგაზრდები სიზმრად მომავალ მეუღლეებს ნახულობენ. სურბ სარქისის დღესასწაული სომხების მიერ აქტიურად აღინიშნება როგორც თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთის ყველა სომხურ დასახლებაში.

 

რელიგიურ დღესასწაულებს შორის ასევე აღსანიშნავია ვარდავარის (სიტყვა სიტყვით „ვარდის ამოსვლის“) დღესასწაული. ვარდავარი ფერისცვალების სომხური დღესასწაულია. დღესასაულის ფესვები კი წინაქრისტიანულ პერიოდს და ღვთაება ასთგიკს (ასთლიკ) უკავშირდება. ის მიიჩნევა სილამაზის, წყლის, ნაყოფიერებისა და სიყვარულის ღვთაებად. ტრადიციულად, ვარდავარის დღესასწაულზე აუცილებელი იყო ეკლესიების ყოვავილებით მორთვა და ხორბლისა და ქერის თავთავებისაგან შეკრული თაიგულების კურთხევა. ჯავახეთში ეს დღესასწაული ივლისის მესამე კვირას აღინიშნება. ვარდავარი სახალხო დღესასწაულიცაა. ამ დღეს, როგორც წესი, მოსახლეობა მხიარულობს და ერთმანეთს წყალს ასხამს.

 

ეს დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, მისი სწორედ სახალხო მხირულებისა და წყლით წუწაობის გამო. 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page