ადამიანური ისტორიები

Back ვერა მურღულია

ვერა მურღულია

“ქალი და რალი? რა გინდა მანქანებთან? სამი შვილის დედა ხარ...“ - მეუბნებოდნენ ახლობლები, როცა გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო ქალთა ყველაზე დიდ Off-Road ავტორბოლის შეჯიბრში.

 

ავტოსპორტი ოჯახმა შემაყვარა. მამაჩემი საბჭოთა კავშირის ავტომბრბოლელი იყო და ჩემი ბავშვობის მოგონებებიც სავსეა კადრებით, როგორ ამზადებდა ის თავის სარბოლო მანქანას. ყოველთვის მინდოდა, მეც ამ პროცესის მონაწილე გავმხდარიყავი, ამიტომ, როცა ჩემმა ძმამ Off-Road, ანუ უგზოობაზე ავტორბოლებზე გამოსვლა დაიწყო, მეც, 17 წლის ასაკში, მისი შტურმანი გავხდი. აქედან იწყება ჩემი Off-Road-ით დაინტერესება. ძალიან მომწონდა ადრენალინი და თავგადასავლები. თუმცა, დიდი ხნის მანძილზე, ეს აქტივობა ჩემთვის უბრალო გატაცებად რჩებოდა.

 

ვსწავლობდი საფრანგეთში, სადაც ოჯახი შევქმენი და 3 შვილი მეყოლა. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ბავშვები წამოიზარდნენ, გადავწყვიტე, ავტოსპორტს მივბრუნებოდი. მიზნად დავისახე, გავსულიყავი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ქალთა Off-Road რალიში (Gazelle Rally), მაროკოში.

 

ჩემი ოჯახის წევრები ამ წამოწყებაში მხარს ნაკლებად მიჭერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი თავად შემაყვარეს, ქალი და რალი მათთვის მაინც წარმოუდგენელი იყო. საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას ვხვდებოდი. სოციალურ ქსელში კომენტარადაც დაუწერიათ, „მაზუთიანი ხელები კარგია, მაგრამ ისეთი ფოტოც გვანახე, სადაც შვილებს საჭმელს უმზადებო, დედის ამპლუაშიც ჩაჯექიო... თუმცა, 2 წლის განმავლობაში არ დავნებებულვარ. ვიცოდი, რომ მიზანს მივაღწევდი იმიტომ, რომ ეს იყო ის, რაც მთელი გულით მინდოდა.

 

შედეგად, გაზელის რალისთვის 33 სპონსორი მოვიძიე. 2019 წელს სტარტი ავიღე ნიცადან და მაროკოში გავემგზავრე. ვამაყობდი, რომ საჰარას უდაბნოში საქართველოს დროშას ვაფრიალებდი, ვიყავი ქართველი ქალი ავტომრბოლელი.

 

როგორც კი მაროკოდან დავბრუნდი, გადავწყვიტე, რალი რეიდი საქართველოში დამეარსებინა. ამით მინდოდა, წვლილი შემეტანა ჩემი სამშობლოს ცნობადობის გაზრდაში. რალი რეიდი არის ავტოსპორტი და ტურიზმი ერთად: 1 კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულმა მონაწილეებმა უნდა დაფარონ 1500 კმ ქვეყნის ირგვლივ, ანუ, შემოიარონ თითქმის მთელი საქართველო.

 

შევქმენით ქალების საერთაშორისო Off-Road რალი რეიდი, Rally Adventure Georgia. ამ ღონისძიებით მსურდა, დამემსხვრია დამკვიდრებული სტერეოტიპები და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ავტოსპორტი ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ ქალებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ არათუ საჭეს, არამედ უგზოობაზე მართვის სირთულეებსაც.

 

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი საქმიანობით მონაწილეობის სურვილი სხვა ქალებსაც გავუჩინე. საქართველოში პირველ წელს ჩატარებულ რალი რეიდში 5 ქართული ეკიპაჟიდან 3-ში მონაწილე ქალებისთვის ეს პირველი რბოლა იყო. სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მივცე მაგალითი, მივცე შესაძლებლობა, აღმოაჩინონ და გააკეთონ ის, რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებს, მოვანგრიო საზოგადოების მიერ ნაშენები უსარგებლო ჩარჩოები, რათა აღარავინ იკითხოს „ქალი და რალი?“, იმიტომ, რომ დიახ, ქალი და რალი!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page