ადამიანური ისტორიები

Back თაკო და ანა

თაკო და ანა

მეგობრობის ისტორია

თაკოსა და ანას 12-წლიანი ურთიერთობა მრავალფეროვანი მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. როცა მათ ისტორიას გაეცნობით, მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მეგობრობის საინტერესო ისტორიებიც, რომელთაც რუბრიკის მომდევნო პოსტად გამოვაქვეყნებთ.

ანა: "პირველივე შეხვედრისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხანია, მე და თაკო ერთმანეთს ვიცნობთ! ეს იყო 12 წლის წინ, როცა მეგობართან ერთად ვგეგმავდი ფოტოპროექტს, რომლის სპონსორობისთვისაც იმ კომპანიას მივაკითხე, სადაც თაკო მუშაობდა. თაკო და მის გუნდი ყურადღებით გამოირჩეოდა. იქამდე ასეთ საქმიან ურთიერთობებს იშვიათად შევხვედრილვარ. მე მიყვარს პროფესიონალი ხალხი და მათ, თითქოს, ინტუიციით ამოვიცნობ ხოლმე. ასეთი პროფესიონალი იყო და არის თაკო. ასე გადავიკვეთეთ საქმით, რომელიც პირად ურთიერთობასა და მეგობრობაში გადაიზარდა. დღეს თაკო იმ ძალიან ცოტა ადამიანს შორისაა, რომელთა აზრსაც ვითვალისწინებ. შესაძლოა, ჩემ გარშემო ყველაფერი გავაჩერო მანამ, სანამ მის შეხედულებას არ მოვისმენ. ვენდობი და მჯერა, საუკეთესოს მირჩევს - სხვებს სწყინთ კიდეც და ამბობენ ხოლმე, თაკო შენთვის ყველაფერიაო."

თაკო: "პირველივე შეხვედრისას ჩემი ყურადღება მიიქცია ანას დამოკიდებულებამ საქმის მიმართ; მან ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და პარტნიორისგანაც შესაბამისი მოლოდინი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ანასგან ბევრი რამის სწავლა იმ დღიდანვე დავიწყე და ეს ამბავი დღესაც გრძელდება. საქმიანი ურთიერთობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა და აღმოვაჩინეთ, რომ, უი, რამდენი რამის კეთება შეგვიძლია ერთად! თანამოაზრეებად ვიქეცით. დღეს ანა ბევრ საკითხში ჩემი საყრდენია. მისი იმედი ყოველთვის მაქვს. მისი კრიტიკული აზრი და შეფასება, ხშირად, ბევრ საკითხს სულ სხვა თვალით დამანახებს ხოლმე. სულ ვეუბნები, გაივლის წლები და ხალხი მეტად დააფასებს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც ერთმა გოგომ მოუტანე ჩვენს საზოგადოებას. თავიდან, ანას გეგმებს რომ ვისმენდი, ვაღიარებ, ნაკლებად მჯეროდა☺️ ვინც იცის, რა ხდებოდა მზიურში წლების წინ, ჩემს ეჭვებს ზუსტად გაიგებს. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ანა ამგვარი სრულყოფილი კაფეს მოწყობას შეძლებდა! დღეს კი მეც ვამაყობ ამ წარმოუდგენელი შედეგით."

ანა: "თაკოსთან ერთად ხშირად ვფიქრობთ, რა წამოწყება ან პროექტი შეიძლება გაკეთდეს, რომ გარემო მეტად ადაპტირებული და უნივერსალური იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და როგორ დავანახოთ, ავუხსნათ ადამიანებს, რომ ამ საკითხში სიბრალური არაფრის მომცემია. აუცილებელია ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და განვითარება."

თაკო: "ანა რომ გავიცანი, აღმოვაჩინე, რომ მე, როგორც საბჭოთა ბავშვობიდან მომავალმა ადამიანმა, არაფერი ვიცოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ. ანასთან მეგობრობამ კი ბევრი რამე სულ სხვა კუთხით დამანახა: მაგალითად, რატომ არის ადაპტირებული გარემო ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანი საკითხი და რატომ არის ამ პრობლემის მოგვარება ყველას საზრუნავი. დღეს, მაგალითად, რომელიმე სივრცეში პანდუსის არსებობა ჩემთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ანასთვის და ერთი შეხედვით შემიძლია ამოვიცნო შეესაბამება თუ არა ანას (საერთაშორისო) სტანდარტებს. ვფიქრობ, ამ საკითხების სწორად გააზრება არასდროს არის გვიანი, თუმცა ბავშვებთან სწორი მუშაობა გადამწყვეტი მგონია . ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ განსხვავებული ადამიანების მიმართ ბავშვების მიმღებლობა ძალიან მაღალია და შემდეგ, უფროსების არასწორი ჩარევით, ზიანდება ეს საკითხი, ჩნდება ბევრი ხელოვნური ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის და გვაფერხებს."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page