ადამიანური ისტორიები

Back ნიკა თვაური

ნიკა თვაური

"10 წელი ვიცხოვრე ილუზიაში, რომ მხედველობა დამიბრუნდება და ადრეულ ცხოვრებას გავაგრძელებ. მერე კი იყო სასოწარკვეთა. გავიაზრე, რომ მხედველობა რომც მქონოდა, მაინც არაფერი გამომივიდოდა იმიტომ, რომ შემდგარი პიროვნება აღარ ვიყავი. ამ გარდამტეხ მომენტში გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი ახლიდან მეპოვნა - ასე დავიწყე ცურვა და პარასპორტშიც აღმოვჩნდი.

16 წლიდან უსინათლო ვარ. უშედეგო სარეაბილიტაციო მკურნალობის 10 წელი სახლში გავატარე, რადგან მეც მჯეროდა, რომ უსინათლო ადამიანები არაფერს აკეთებენ. მე თვითონვე მქონდა ეს სტერეოტიპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ და მათ სიბრალულის ჭრილში ვხედავდი.

მერე კი თავიდან აღმოვაჩინე ცურვა, როგორც ცხოვრებაში დაბრუნების ჩემეული გზა. 2010 წლის 23 მარტს, ჩემი მწვრთნელის ხელწერილის საფუძველზე, პირველად შევაბიჯე საცურაო დარბაზში - ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა იმ აუზზე უსინათლო ადამიანი დაუშვეს. სამოყვარულო დონეზე ცურვა იქამდეც ვიცოდი და არც წყლის მეშინოდა, თუმცა პირველივე დღეს გული მაინც წამივიდა, რადგან დატვირთვას საერთოდ არ ვიყავი მიჩვეული. თუმცა, ცურვა იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ნაბიჯის გადადგმა ცვლილებებისკენ. მე მაინც მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ძველი დღის წესრიგის შესაცვლელად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი.

ვარჯიშის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელში, პირველ ოლიმპიადაზეც აღმოვჩნდი და საქართველოს ისტორიაში პირველი მედალიც მოვიპოვე. ეს იყო ისტორიული და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ჩემი სპორტული კარიერა უკვე 10-მდე საერთაშორისო შეჯიბრსა და მედალს ითვლის. სპორტმა ჩემს ცხოვრებას მიზანი შესძინა. ვყოფილვარ სიტუაციაში, როცა სიკვდილიც მინატრია, ახლა კი მართლა ბედნიერი ვარ.

ამასობაში, ქვეყანაში პარასპორტიც განვითარდა. დღეს უკვე ვვარჯიშობ ეროვნული ნაკრების ბაზაზე, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სადაც ჩემს მდგომარეობასაც აბსოლუტურად ბუნებრივად უყურებენ. ამასობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებიც შეიცვალა, თუმცა ახლაც ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენ მხოლოდ სიბრალულით გიყურებენ. ეს ნამდვილად სტერეოტიპია, რომლის მსხვრევის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდანვე მრავალფეროვნად აღვიქვათ სამყარო. მრავალფეროვნება უნდა განვიხილოთ როგორც სიმდიდრე და არა როგორც პრობლემა, რადგან ამ სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება."

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page