ადამიანური ისტორიები

Back მეისუნ ალტაჰერ ავდალა

მეისუნ ალტაჰერ ავდალა

ყოველ დილით, როცა ფანჯარას გავაღებ და ჩემს სამეზობლოსა და საყვარელ ქალაქ ბათუმს გადავხედავ, ვხვდები, რომ მხოლოდ აქ თუ ვიქნები ბედნიერი.

აქაური ხალხი ძალიან თბილია. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ქალაქმა ძალიან კარგად მიმიღო. მითუმეტეს, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო. ჩემი სამშობლო, სუდანიც ძალიან ტრადიციული ქვეყანაა. იქაც მნიშვნელოვანია ოჯახის, მეზობლისა თუ მეგობრის პატივისცემა. ორივე ქვეყანაში მსგავსი გამონათქვამიც კი დამკვიდრებულია: სუდანშიც ამბობენ, შენი მეზობელი უფრო ახლოა, ვიდრე ძმა, რომელიც შორს ცხოვრობსო. ასე რომ, ჩვენ ადამიანური ურთიერთობები, ყურადღება, პატივისცემა და სამზარეულო მართლაც გვაერთიანებს.

საქართველოში სუდანიდან 9 წლის წინ, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად, ლტოლვილის სტატუსით ჩამოვედი. სამშობლოს დატოვება პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო მოგვიწია. ცოტა ხნით თბილისში ვცხოვრობდით. ბათუმში რომ გადმოვედით, მაშინვე მივხვდი, რომ მხოლოდ აქ მინდოდა ცხოვრება.

ქართული ენა არ ვიცოდი, თუმცა ვიცოდი, რომ მარტო ცხოვრება არ შემეძლო და ადამიანებთან ურთიერთობა მჭირდებოდა. მე ასეთი ვარ - მიყვარს სხვებთან კონტაქტი, ამიტომ, გარეთ თუ შინ, ყველას გამოველაპარაკებოდი და მოვიკითხავდი ხოლმე... ჩემს კეთილგანწყობას ისინიც ხვდებოდნენ და ჩვენ შორის პირველი კომუნიკაციაც დგებოდა. ჩემი ახლანდელი მეზობლებიც ასე გავიცანი - ჩემი ამბავი მოვყევი და ვთქვი, რომ მზად ვიყავი, მათგან ადგილობრივი კულტურის, ენის, სამზარეულოსა თუ ქვეყნის შესახებ ყველაფერი მესწავლა.

დროთა განმავლობაში, ყველაფერს ალღო ავუღეთ. ჩემი შვილები - ორი გოგო და ერთი ბიჭი - ქართულ სკოლაში დადიან. ბავშვები არაჩვეულებრივი ქართულით საუბრობენ. ახლა უკვე არაბულად საუბარი უფრო უჭირთ. სულ ეზოში არიან ქართველ მეგობრებთან ერთად, ქართულად სწავლობენ, დავალებებს ქართულად ასრულებენ, სახლში ერთმანეთთანაც კი ქართულად საუბრობენ და კამათობენ. მეც ძალიან მაინტერესებს ქართული კულტურა, ისტორია და ბავშვების სკოლის პროგრამიდან ყველაფერს მათთან ერთად ვსწავლობ.

ჩემი სახლის კარი ჩემი მეზობლებისა და მეგობრებისთვის ყოველთვის ღიაა. მთელს უბანს ვიცნობ და ვიცი, ისინიც ასე არიან. ერთმანეთის ამბებს ვკითხულობთ, ცუდად მყოფებს ყურადღებას ვაქცევთ, სამძიმარზეც ერთად დავდივართ... ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთი ძალიან შევიყვარეთ. როცა ბაირამია, ჩემი მეზობლები ჩემთან მოდიან. როცა ქრისტიანული დღესასწაულია, მე მათ ვსტუმრობ. ისინიც ჩემი ოჯახია, ისინიც ჩემი ხალხია.

ზოგადად, ბევრი სტერეოტიპი ირღვევა მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ და აღმოჩნდება, რომ მათ ერთმანეთისთვის ცუდი არ უნდათ. მე ამ ქვეყანამ ძალიან კარგად მიმიღო მაშინ, როცა პრობლემები მქონდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მინდა, რომ ჩემი შვილები აქ გაიზარდონ. ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს. მათ გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმომიდგენია.“

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page