ადამიანური ისტორიები

Back ჯული აბუჯი

ჯული აბუჯი

დედაჩემი ქართველია, მამა - ნიგერიელი. ჩემი კანის ფერიდან გამომდინარე, ადამიანებს ყოველთვის უკვირთ, როცა ქართულად საუბარს ვიწყებ. ქუჩაშიც სულ ყურადღების ცენტრში ვარ, მაკვირდებიან და განსხვავებულად მიყურებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვიღაცას დავუნახივარ და წამოუძახებია “ნახე, ზ---ი!” ამას უკვე შევეჩვიე. არც დიდ ყურადღებას ვაქცევ და აღარც ვდარდობ. ისე კი, უცხოები სულ მეკითხებიან, მაქვს თუ არა რუჯი, ან რომელი ქვეყნიდან ჩამოვედი. ეკლესიაში თუ შევდივარ, უკვირთ. უკვირთ, რომ ქრისტიანი ვარ და სალოცავად დავდივარ. არადა, მე აქ დავიბადე და გავიზარდე.

ერთი ისტორია მახსენდება. ჩემი და ტაქსით მგზავრობდა. ციოდა და ისე ეცვა, სახე თითქმის არ უჩანდა. მძღოლს ქუჩაში მოსიარულე აფრო-ამერიკელი დაუნახავს და მისი ლანძღვა დაუწყია, რას ჩამოეთრევიან აქ ეს ზანგებიო. სიამაყით უთქვამს, მე ერთხელ აფრო-ამერიკელი ქალი ჩემს ტაქსიშიც კი არ ჩავსვიო! ჩემს დას ხმა არ ამოუღია. ტაქსიდან როცა გადავიდა, პირბადე მოიხსნა და მძღოლმა მისი სახეც დაინახა. შერცხვა. გაწითლდა.

რა თქმა უნდა, მსგავსი დამოკიდებულებები ძალიან არასასიამოვნოა. კანის ფერის გამო ადამიანებს არ უნდა ვარჩევდეთ. ჩვენ ყველა ერთი რასა ვართ - ადამიანების რასა და, ვფიქრობ, ერთმანეთის განსხვავებებსა და მსგავსებებსაც პატივი უნდა ვსცეთ. მე აქ ვცხოვრობ, აქ ვსწავლობ, აქ მყავს ბავშვობის მეგობრები, ახალი ნაცნობები და მათთან არასდროს შემქმნია პრობლემა. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ და ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page