ადამიანური ისტორიები

Back გაბრიელა რომანოვა

გაბრიელა რომანოვა

როცა პანდემიის გამოწვევების გამო თავის დაწვას ვაპირებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე თავად ვიზრუნებდი. მაშინ, პროტესტის ამ რადიკალური ფორმით, შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ტრანსგენდერ ქალებს გვსურდა, სახელმწიფოს ყურადღება ჩვენთვისაც მოექცია. სწორედ ეს პროტესტი გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს კლინიკაში სანიტრად ვმუშაობ და ადამიანებს ვეხმარები.

 

მახსოვს, როცა სამსახურში პირველად მივედი, მთელი სხეული მიკანკალებდა. ამდენი ჩაგვრისა და ძალადობის შემდეგ, მაშინებდა ახალი გარემო და უცხო ადამიანები, რომელთაგანაც ჩვეულ შეურაცხყოფას ველოდი. თუმცა, მაინც ძალიან მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მე ამ გამოწვევას მივიღებდი.

 

ტრანსგენდერ ადამიანებზე ამბობენ ხოლმე, თავად არ სურთ მუშაობა, თორემ დასაქმების ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვთო. ჯიუტად მინდოდა, რომ ამ სტერეოტიპის წინააღმდეგ წავსულიყავი და დამემტკიცებინა, რომ ჩემი ინტერესი სულაც არ არის ქუჩაში დგომა. პირიქით, ყოველთვის მსურდა მუშაობა, სწავლა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, თუმცა რიგ ბარიერებს ვაწყდებოდი.
ოჯახის მხარდაჭერის ნაკლებობა ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა. როდესაც მათ ჩემი იდენტობის შესახებ გაიგეს, საგარეჯოდან თბილისში წამოვედი და ღია ცის ქვეშ ცხოვრება დავიწყე. თავშესაფრად ბარათაშვილის ხიდი ავირჩიე. წვიმასა და ქარში ბევრ მიწისქვეშა გადასასვლელშიც მძინებია. ყველაზე მატად მაშინ გამიჭირდა, როცა ოჯახთან კავშირი სამუდამოდ გავწყვიტე. მესმის, რომ ისინიც საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ არიან, თუმცა მაინც რთულია იმის გააზრება, რომ ქუჩაში ცხოვრების დროს მალულადაც არ დამეხმარნენ. მიუღებლობის გამო, ვეღარც სწავლა გავაგრძელე, ვერც პროფესიულად განვვითარდი და ვერც მუშაობა დავიწყე.

 

პანდემიის დროს, ჩემს ცხოვრებაში კლინიკა „ვივამედი“ გამოჩნდა. დირექტორმა ნინო კუზანოვამ სანიტრად დასაქმება შემომთავაზა. მისთვის ჩემს ორიენტაციას მნიშვნელობა არ ჰქონია. მთავარი იყო, საქმე კარგად მეკეთებინა. თანაც, პირობა მომცა, რომ აქ არავინ დამჩაგრავდა. მეც დავთანხმდი. გამოცდილ სანიტარს მიმაბარეს, ყველაფერი მასწავლეს და ჰემატოლოგიის განყოფილებაში გადამამისამართეს.

 

უკვე სამი თვეა, ჩემი მოთხოვნის საფუძველზე, კლინიკის კოვიდ განყოფილებაში ვმუშაობ და სამედიცინო პერსონალისა და კლინიკის გაძლიერებაში მეც საკუთარი წვლილი შემაქვს. ჩემი მოვალეობა საკვების დარიგებასა და პალატების დალაგებას მოიცავს. ხშირად, თანამშრომლების პატარ-პატარა საქმეებსაც ვითავსებ. ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია პირბადე, სათვალე, დამცავი ფარი, ხელთათმანები და სპეციალური ეკიპირება, რომელსაც ხანდახან 2-3 საათის განმავლობაში ვერ ვიხდი, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია. თუმცა, ადამიანების დახმარებით მიღებული სიამოვნების განცდას დაღლა ვერ გადაწონის. რთულია, როდესაც პაციენტს ეჩვევი და ხედავ, რომ ის თვალსა და ხელს შუა გეცლება.

 

ამ სივრცეში ბევრი დამახინჯებული წარმოდგენა შეიცვალა. სამედიცინო პერსონალმა დაინახა, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და თავს არავის ვესხმი. პირიქით, ყველას ვეხმარები, ხარისხიანად ვმუშაობ და დიდ სითბოს გავცემ. ყველა თანამშრომელთან ჯანსაღი ურთიერთობა მაქვს. პაციენტებსაც ძალიან ვუყვარვარ - ჩემს მორიგეობასა და ყურადღებას განსაკურებით ელოდებიან ხოლმე. კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც ჩემი სწორი კომუნიკაციის დამსახურებაცაა.

 

მეორე მხრივ, ჩემი სტერეოტიპებიც დაიმსხვრა. ველოდებოდი, რომ თანამშრომლები არ მიმიღებდნენ და მათთან კომუნიკაციას თავადაც გავურბოდი. თუმცა, პირიქით, დავმეგობრდით. კი, ფიზიკურად ვიღლები, მაგრამ თავს მაინც თავისუფლად ვგრძნობ. სამედიცინო საქმიანობით ისე დავინტერესდი, სამომავლოდ მედდის კურსების გავლასაც ვფიქრობ.

 

თუმცა, პარალელურად, კლინიკის ფარგლებს მიღმაა ჩემი მეორე, რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება, რომელიც გულგრილობითაა სავსე. ამიტომ, ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შემომიშვებ შენს სივრცეში, თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, მეც გაჩვენებ და დაგიმტკიცებ, როგორ შემიძლია, ვიყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე, მეგობარი თუ თანამშრომელი.
ფოტოს ავტორი: მანო სვანიძე

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page