ადამიანური ისტორიები

Back ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი

ჩეჩნეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, კრივი უკვე იყო ჩემი საყვარელი სპორტი, რომელსაც პროფესიონალურად გავყვებოდი. ვარჯიშს შემართებით შევუდექი და ისე მოხდა, რომ 2013 წლიდან, თითქმის ყოველ წელს, საქართველოს ჩემპიონი ვხდები.

ჩემი ეთნიკური წარმომავლობის გამო, არც სპორტულ კარიერაში და არც პირად ცხოვრებაში, არასდროს არანაირი ბარიერი შემხვედრია. არასდროს არავის უგრძნობინებია, რომ მე სხვა ქვეყნიდან ვარ და უფლება არ მაქვს, აქ ვცხოვრობდე, ან ამ ქვეყნის სახელით ვასპარეზობდე. არასდროს მიგრძვნია, რომ სხვებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა მაქვს საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ეთნიკურად ძალიან მრავალფეროვანია. ჩემთან ერთად არიან სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, ქართველებიც, თუმცა ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ და ერთი ოჯახივით ვართ. სპორტულ კარიერაშიც უპირატესობა ხელოვნურად არავის ენიჭება მხოლოდ იმის გამო, რომ ის, პირობითად, ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენს.

ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ყველანი ადამიანები ვართ და რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენს წარმომავლობას?! თუ ადამიანი კარგი ადამიანია, ჩემთვის სულერთია, ის აფრიკიდან არის, ევროპიდან, ამერიკიდან თუ სხვა კონტინენტიდან - პირად ურთიერთობებში მთავარია, ის იყოს კარგი ადამიანი, სპორტში კი მთავარია, ის იყოს კარგი სპორტსმენიც.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელითაც საერთაშორისო დონეზე ვასპარეზობ. ჩეჩნეთის სახელით ასპარეზობაც არაერთხელ შემომთავაზეს, თუმცა ყოველთვის უარს ვამბობ. მე საქართველომ მიმიღო, ადამიანის სამშობლო კი სწორედ ის ადგილია, სადაც მას მიიღებენ. მეც მზად ვარ, კვლავ ბევრი ვიმუშაო და, ქვეყნის სახელით, საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგები მაქსიმალურად გავაუმჯობესო.“

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page