მეგობრობის ისტორია
ლიზა: "მე და დიანამ ერთმანეთი 5 წლის ასაკში, ბათუმში, საბავშვო ბაღში გავიცანით. მე უკრაინელი ვარ, დიანა - სომეხი. მახსოვს, შევნიშნე, რომ დიანა კართან იდგა და ხელში პატარა თოჯინა ეჭირა. ვიფიქრე, რა ლამაზი სათამაშოა-მეთქი და მის გასაცნობად მივედი. მას შემდეგ ერთად მოვდივართ.
ჩვენთვის ერთმანეთის განსხვავებულ წარმომავლობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. 12 წელი ერთ კლასში ვისწავლეთ. ყველაფერი ერთად გავიარეთ: ტკივილი, სიხარული, სიყვარულის ისტორიები, პრობლემები... ერთად ვმეცადინეობდით, ერთი სამეგობრო წრე გვყავს. მეტიც, ოჯახებიც დავაახლოვეთ - ჩვენი დედები დღემდე ურთიერთობენ. ახლა დიანა საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და მის გარეშე ძალიან მიჭირს. ვფიქრობ, მეც მოვძებნო სამსახური და მასთან გადავბარგდე.
ჩვენი ოჯახის ტრადიციები თუ რელიგიური შეხედულებები ცოტათი განსხვავდება. თუმცა, ეს არასდროს ყოფილა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვერ გაგვეგო. მაგალითად, როცა მართლმადიდებლური აღდგომაა, ჩემთან ვიკრიბებით. როცა აღდგომას დიანას ოჯახი აღნიშნავს, მასთან მივდივარ."
დიანა: "ზოგადად, ბათუმი ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ დავამთავრეთ რუსული სკოლა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ერთად სწავლობდა. სკოლაში ყველასთან ვმეგობრობდით, ვინაიდან ყველა შეჩვეულები ვიყავით ამ მრავალფეროვნებას. როცა მე და ლიზამ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებული გვარი გვქონდა, სტერეოტიპებს მაშინ გადავაწყდით. თუმცა, მერე ჩვენმა თანაკურსელებმაც გაგვიცნეს და მიხვდნენ, რომ ეს ცრურწმენები ჩვენ არ გვეხებოდა. შესაბამისად, ბევრი ქართველი მეგობარიც შევიძინეთ.
მეგობრობასთან კულტურა და რელიგია რა მოსატანია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ როგორი ადამიანი ხარ. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა არ გავიზიაროთ სტერეოტიპები, რომ, მაგალითად, სომეხი ასეთია, უკრაინელი ისეთია, ქართველი ასეთია... ყველა განსხვავებული, ინდივიდუალური ადამიანები ვართ. მთავარია, გავიცნოთ ერთმანეთი და ისე გადავწყვიტოთ, კარგი მეგობრები ვიქნებით თუ არა."


