„მოხარული ვარ იმ პოზიტიური მიღწევების ხილვით, რომელიც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმას უკავშირდება, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ წინასწარი პატიმრობების რიცხვი შემცირდა, თუმცა, რიგ შემთხვევაში, მისი გამოყენება პრობლემად რჩება“, განაცხადა კომისარმა საქართველოში 2015 წლის 9-13 ნოემბერს ჩატარებული ვიზიტის შემდეგ, რომელიც 2014 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშს მოყვა.
უფრო ძლიერი სასამართლო კონტროლის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებები, გარკვეულ შემთხვევებში პრობლემად რჩება. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნა და შეცვლა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებების გათვალისწინებითა და მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ხორციელდებოდეს. მოსამართლეები შიდა და გარე ჩარევებისგან უკეთ უნდა იყვნენ დაცულნი, განსაკუთრებით მაღალი პროფილის საქმეებზე მუშაობის დროს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანო ნაბიჯი იქნება საქმეების მოსამართლეებზე შემთხვევითი შერჩევის წესით განაწილების პროცედურის შემოღება. პრობლემად რჩება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის არსებობა და გაუმჭვირვალე დისციპლინარული პროცედურები, ვინაიდან აღნიშნული მოსამართლეებს ზეწოლისაგან დაუცველს ხდის, რამაც შესაძლოა სისტემისადმი საზოგადოების ნდობას შეურყიოს საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შესახებ კანონში ბოლოს შესული ცვლილებებით გაუმჯობესდა მთავარი პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურები, კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროკურორთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, მათს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევებს თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. აუცილებელია პროკურორთა კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაძლიერება რათა მათ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება უფრო ეფექტიანად აწარმოონ. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
კომისარი შეშფოთებულია პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის რიგი სერიოზული შემთხვევით, როგორიცაა მაგალითად, 8 ნოემბერს, თბილისის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის რამდენიმე ოფიცრის მიერ ადვოკატის, გიორგი მდინარაძის ცემის შემთხვევა. შემაშფოთებელია სამართალდამცავების მიერ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენჯერმე მიყენების შესახებ ანგარიშები. „ საქართველოს ხელისუფლებამ ეს შემთხვევები სრულყოფილად უნდა გამოიძიოს, რასაც დამნაშავეთა შესაბამისი დასჯა უნდა მოყვეს“.
ანტი დისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება გულისხმობს რომ მის მოთხოვნებს უნდა ემორჩილებოდეს როგორც საჯარო , ასევე კერძო სექტორი, და რომ საკმარისი დრო უნდა იყოს გამოყოფილი საჩივრების სასამართლომდე მიტანისთვის. კომისარი მიესალმება დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში ომბუდსმენის როლის ზრდისა და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის პროკურორთათვის სახელმძღვანელო მითითებების შემოღების გეგმებს. კომისარი მიესალმება პროკურატურის განზრახვას გაასაჩივროს 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა გამამართლებელი განაჩენი.
კომისარი შეშფოთებულია მუსლიმი თემის წევრების წინაღმდეგ გამოვლენილი შეუწყნარებლობის, მათ შორის 2014 წელს მოხესა და ქობულეთში მომხდარი შემთხვევებით. ამასთან, არსებული ინფორმაციით, სათანადოდ არ იქნა გამოძიებული რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული ადრეული ინციდენტებიც. „რელიგიურ უმცირესობებს არ უნდა შეექმნათ ხელოვნური ბარიერები თავიანთ საკულტო ნაგებობებზე წვდომის დროს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რომა ჯგუფებისა და მესხური მოსახლეობის ინტეგრაციისა და ძირითად უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის“.
ბათუმში ყოფნის დროს, კომისარი ეწვია ე.წ.“ დრიმ თაუნის“ გარეუბანში ნახევრად ფორმალურ დასახლებას, რომელშიც მაღალმთიანი აჭარიდან სიღარიბისა და ბუნებრივი პირობების გამო ჩამოსული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ცხოვრების პირობები მძიმეა, არ მოდის წყალი, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. ოჯახები არ იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებსა და სოციალურ დახმარებას. „ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ პირთა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“.
ბოლოს, კომისარი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია. მას კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის თანამოსაუბრეებთან განხილვის შესაძლებლობა თბილისშიც ქონდა, რომლის დროსაც, მას ეცნობა რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხის შესახებ, მათ შორის იყო მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. „ საქართველოს ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის და ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, თუმცა, დარჩენილი პრობლემების მოგვარებისთვის, უფრო მეტია გასაკეთებელი. მე ასევე გამახარა სირიიდან, ერაყიდან და უკრაინიდან ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის გაწეული ძალისხმევის შესახებ ინფორმაციის მიღებამ“.