Back ევროპის საბჭო იწყებს ახალ პროექტს საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობის მიზნით

ევროპის საბჭო იწყებს ახალ პროექტს საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობის მიზნით

2021 წლის 23 სექტემბერს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში დაიწყებს ახალ პროექტს "საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება" ონლაინ ღონისძიების საშუალებით.

ღონისძიებას გახსნის ქრისტოფ პუარელი, ადამიანის უფლებების დირექტორი, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატი (DGI), ევროპის საბჭო;  ეკატერინე ტიკარაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური უფლებების პოპულარიზაციას ევროპული სოციალური ქარტიის დებულებების შესაბამისად. ამ მხრივ, პროექტი შეაფასებს ქვეყანაში სოციალური უფლებების სფეროში არსებულ ძირითად საკითხებს, განსაზღვრავს და შეათანხმებს ხელისუფლებასთან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების დაძლევაში. ის დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს სოციალური უფლებების დაცვისა და სოციალური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები ევროპული სოციალური ქარტიის მოთხოვნებისა და შესაბამისი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს საქართველოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ნებაყოფლობითი შენატანებით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 350.500 ევრო.

პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური; საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ასევე შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის საბჭოს ოფისის Facebook გვერდზე 23 სექტემბერს, დილის 11:00 საათზე.

თბილისი, საქართველო 21.09.2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page