Back პროკურორებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს

პროკურორებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორთა სპეციალიზაციის ტრენინგი.

მონაწილეებმა შეისწავლეს გარემოებები, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს უძღვის წინ, მაგალითად, დისკრიმინაციული ქცევის მიზეზები, ცრურწმენები, სტერეოტიპები, სტიგმა და სიძულვილის ენის გამოყენება. მათ მიმოიხილეს მოწყვლად ჯგუფებზე გავლენა და მსხვერპლისა და მოძალადის მახასიათებლები. გარდა ამისა, განხილული იქნა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კონცეფცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის დევნის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა. ტრენინგი ასევე მიზნად ისახავდა,  უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ პროკურორების მგრძნობელობის გაზრდას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცალკეული მონაცემების შეგროვების სპეციფიკის გაცნობას. ამასთან, სასწავლო მასალა მოიცავდა ინფორმაციას შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენაზე საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. დისკუსიის გარდა, ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემუშავათ დისკრიმინაციის პრაქტიკულ მაგალითებსა და შემთხვევებზე.

ტრენინგის შედეგად პროკურორებმა ცნობიერება აიმაღლეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობასა და დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე.

ტრენინგი ჩაატარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა.

აღნიშნული აქტივობა ევროპის საბჭოსა და გენერალური პროკურატურის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგია. ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობამ ხელი შეუწყო შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაზე პროკურორების სპეციალიზაციის დანერგვას. 2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის  თანახმად მხოლოდ ის პროკურორები იქნებიან უფლებამოსილი იმუშაონ შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე, ვინც გაიარა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

6-9 სექტემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page