Back მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იმერეთში

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იმერეთში

2022 წლის 17 მაისს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა ორგანიზება გაუწია მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ქალაქ წყალტუბოში, იმერეთის რეგიონში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, ძირითადად იმერეთის რეგიონიდან, რომლებიც მუშაობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან. შეხვედრა გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

დამსწრეებმა განიხილეს არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიების ეტაპზე არსებული სენსიტიური საკითხები, სასამართლოში გარკვეული სახის მტკიცებულებათა დასაშვებობა, მედიაცია არასრულწლოვანთა საქმეებში და გადაწყვეტილების მიღებამდე მათი ყოვლისმომცველი ინდივიდუალური შეფასების მნიშვნელობა. მონაწილეებმა დააყენეს არასრულწლოვან მოწმეთა სავალდებულო წარმომადგენლობის საკითხი, გამოკითხვის, ან დამნაშავეთა ამოცნობის დროს სტრესისა და მეორადი ვიქტიმიზაციის შემცირების ზომები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა დაკითხვის სპეციფიკა. შეხვედრის დასასრულს ცალკე სესია დაეთმო დისკუსიიდან გამომდინარე რეკომენდაციების ჩამოყალიბებას. შეხვედრის შემდეგ, საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნას არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისა და პროკურორებისთვის.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო არის ინსტიტუციონალიზებული პლატფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა 2020 წელს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით; მასში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებს მართლმსაჯულების განხორციელების პრაქტიკულ ასპექტებზე. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო შედგება სამივე უწყების წარმომადგენლებისგან და პასუხისმგებელია უწყებათაშორის კოორდინაციაზე, რეკომენდაციების გავრცელებაზე და შემდგომ ქმედებებზე.

შეხვედრა მოეწყო ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში.

17 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page