Back ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების საკითხში

ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების საკითხში

ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერას დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების და საპოლიციო ზომების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობის გაზრდის საკითხში.  

ევროპის საბჭოს ორი პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ და „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ - მმართველი კომიტეტების სხდომები გაიმართა 2022 წლის 11 და 12 ოქტომბერს.

ორივე შეხვედრა მიეძღვნა პროექტების ფარგლებში მიღწეული პროგრესის განხილვას და პროექტების მომავალი 6-თვიანი სამუშაო გეგმების (2022 წლის ოქტომბერი - 2023 წლის მარტის პერიოდისთვის) დამტკიცებას. პროექტის ორივე გუნდმა წარადგინა ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი მიღწევები და მმართველი კომიტეტის წევრებს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ პროექტის ბენეფიციარებთან გაიმართა დისკუსია სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით.

პოლიციის პროექტის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ მომდევნო პერიოდის პრიორიტეტულ აქტივობებზე, განსაკუთრებული აქცენტით არასრულწლოვან დამნაშავეებთან და მსხვერპლებთან მუშაობაზე,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების განვითარების შემდგომ მხარდაჭერაზე წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების უზრუნველსაყოფად, პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის მიზნით პრევენციის ეროვნული მექანიზმის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე  და აღნიშნულ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის კავშირების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება ჯანდაცვის პროექტს, მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული პროექტისა და ინსტიტუციური რესურსების საუკეთესო ოპტიმიზაცია, რათა დაკმაყოფილდეს პენიტენციური სისტემის პრიორიტეტული საჭიროებები, მათ შორის ფსიქიკური ჯანდაცვისა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული მკურნალობის უზრუნველყოფა, ასევე თანამშრომელთა გადაწვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.

შეხვედრების შედეგად, ორივე პროექტის მმართველი კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, განახორციელონ დაგეგმილი აქტივობები, და დაამტკიცეს სამუშაო გეგმების საბოლოო ვერსიები.

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020 – 2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page