Back ცნობიერების ამაღლების სემინარი „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“

ცნობიერების ამაღლების სემინარი „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“

14-15 დეკემბერს, გაიმართა ცნობიერების ამაღლების სემინარი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის თემაზე: ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების აპარატის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.

ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 1961 წლის 19 ოქტომბერს, ქალაქ ტურინში (იტალია) წარმოადგენს ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აღიარებს და განამტკიცებს ადამიანის ფუნდამენტურ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს,  სოციალური ქარტია მიჩნეულია ევროპის „სოციალურ კონსტიტუციად“, რომლის 1996 წლის განახლებული ვერსია რატიფიცირებულ იქნა საქართველოს მიერ 2005 წელს. სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის და ეროვნული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებებისა (მათ შორის 2020 წლის მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში და ძლიერი შრომის ინსპექციის შექმნა) შრომის ურთიერთობებში უფლებების დაცვის სფეროში გამოწვევები კვლავ სახეზეა. მნიშვნელოვანია სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ევროპის სოციალური ქარტიის და მის მიერ აღიარებული და დაცული უფლებებისა და გარანტიების შესახებ.

ინტერაქტიული სემინარის შედეგად მსმენელებს მიეცათ ინფორმაცია სოციალური ქარტიის მნიშვნელობის, მისი საქართველოში გავლენის შესახებ, აგრეთვე ქარტიითა და საქართველოს კანონმდებლობით შრომის/დასაქმების სფეროში დაცული უფლებების შესახებ (მათ შორის: წვდომა დასაქმებაზე; თანაბარი შრომითი შესაძლებლობები და ანაზღაურება ქალებისა და მამაკაცებისთვის; ექსპლუატაციის აკრძალვა; კოლექტიური შრომითი ურთიერთობები; მშრომელთა დაცვა; გარანტიები დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში).

სემინარის დასასრულს, მონაწილეებმა ორგანიზატორებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში ევროპის სოციალური ქარტიის და მის მიერ დაცული უფლებებისა და გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

14-15 დეკემბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page