Back COVID-19: ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კომიტეტი აქვეყნებს პრინციპების განაცხადს თავისუფლებაღკვეთილ პირთა მოპყრობასთან მიმართებით

COVID-19: ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კომიტეტი აქვეყნებს პრინციპების განაცხადს თავისუფლებაღკვეთილ პირთა მოპყრობასთან მიმართებით

პრინციპების განაცხადი

თავისუფლებააღკვეთილი პირებისადმი მოპყრობის თაობაზე კორონავირუსული დაავადების (COVID-19) პანდემიის პირობებში

 

(არაოფიციალური თარგმანი)

კორონავირუსული დაავადების (COVID-19) პანდემია უდიდეს გამოწვევებს უქმნის ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ხელისუფლებას. განსაკუთრებული და მწვავე გამოწვევების წინაშე დადგა თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის პოლიციის  დაკავების დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საიმიგრაციო დაკავების ცენტრებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სოციალური მზრუნველობის სახლებში და სხვადასხვა ახლად შექმნილ დაწესებულებებში/ზონებში  მომუშავე პერსონალი, სადაც ხდება პირების კარანტინში მოთავსება. აცნობიერებს რა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართული ქმედებების გატარების აშკარა აუცილებლობას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტს (CPT) სურს შეახსენოს ყველა მხარეს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ბუნება. დამცავმა ზომებმა არასდროს უნდა გამოიწვიოს თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. CPT-ს აზრით, ყველა შესაბამისმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს ტერიტორიაზე თავისუფლებააღკვეთილ პირებზე, შემდეგი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. 

 

 

1) ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ყველა შესაძლო ზომების მიღება თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამგვარი ქმედებების განხორციელება ასევე ხელს უწყობს პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

 

2) თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში დაცული და ზედმიწევნით შესრულებული უნდა იყოს ჯანმო-ს სახელმძღვანელო მითითებები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, და ეროვნული ჯანმრთელობის დაცვისა და კლინიკური გაიდლაინები, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

3) უნდა გაძლიერდეს პერსონალის ხელმისაწვდომობა, ხოლო თავად პერსონალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო პროფესიონალური დახმარება, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებები, და ტრენინგი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ  თავიანთი მოვალეობების შესრულების გაგრძელება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.  

 

4) ნებისმიერ შემზღუდველ ღონისძიებას, რომელიც თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში უნდა გატარდეს   COVID-19– ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ჰქონდეს  სამართლებრივი საფუძველი, იგი  უნდა იყოს აუცილებელი, თანაზომიერი,  პატივს სცემდეს ადამიანის ღირსებას, და იყოს დროში განსაზღვრული. თავისუფლებააღკვეთილ პირებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამგვარი ზომების თაობაზე.

 

5) რადგან  მჭიდრო პირადი კონტაქტი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, ყველა შესაბამისმა ორგანომ უნდა მიმართოს ძალისხმევა თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივის გამოყენებაზე. ასეთი მიდგომა იმპერატიულია, განსაკუთრებით გადატვირთულობის პირობებში. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს   წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ალტერნატიული ზომების გამოყენებას, სასჯელის შემცირებას,  ვადამდე ადრე გათავისუფლებას და პირობით გათავისუფლებას; უნდა  გადაიხედოს ფსიქიატრიული პაციენტების დაწესებულებებში არანებაყოფლობითი  მოთავსების გაგრძელების აუცილებლობა; სადაც ეს შესაძლებელია, განხილული უნდა იყოს სოციალური მზრუნველობის დაწესებულებებში მოთავსებული პირების გაწერის ან სათემო მზრუნველობაში გადაყვანის შესაძლებლობა,  და მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული მიგრანტების დაკავება. 

 

6) რაც შეეხება სამედიცინო დახმარების გაწევას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაკავებულ პირთა სპეციფიკურ საჭიროებებს, ყურადღების გამახვილებით დაუცველ ჯგუფებზე ან/და რისკის ჯგუფებზე, როგორიცაა ხანდაზმული პირები და  ჯანმრთელობის თვალსაზრისით პრობლემების მქონე პირები.  ეს ასევე მოიცავს სკრინინგს COVID-19-ზე და საჭიროების შემთხვევაში, ინტენსიურ თერაპიაზე მიმართვას.  გარდა ამისა, მოცემულ  ვითარებაში დაკავებულმა პირებმა უნდა მიიღონ დამატებითი ფსიქოლოგიური დახმარება.  

 

7) მიუხედავად იმისა, რომ  მართებული და მიზანშეწონილია  არსებითად ნაკლებად მნიშვნელოვანი აქტივობების შეჩერება, პანდემიის დროს დაკავებული პირების ძირითადი უფლებები სრულად უნდა იქნას დაცული. ეს განსაკუთრებით შეეხება პირადი ჰიგიენის შენარჩუნების უფლებას (ცხელი წყლის და საპნის ხელმისაწვდომობის ჩათვლით) და ღია ცის ქვეშ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების უფლებას (მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში). გარდა ამისა, გარე სამყაროსთან კონტაქტის ნებისმიერი შეზღუდვა, მათ შორის ვიზიტების ჩათვლით, უნდა დაბალანსდეს  კომუნიკაციის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე წვდომის გზით (მაგალითად, სატელეფონო ან ხმოვანი ინტერნეტ-პროტოკოლით კომუნიკაცია).  

 

8) დაკავებული პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების შემთხვევაში, თუ იგი ინფიცირებულია, ან არსებობს ეჭვი, რომ იგი შეიძლება ინფიცირებული იყოს SARS-CoV-2 ვირუსით, მას  ყოველდღე უნდა ჰქონდეს ადამიანებთან შინაარსიანი კონტაქტის შესაძლებლობა. 

 

9) სრულად უნდა იყოს დაცული სამართალდამცავი ორგანოების  პატიმრობაში მყოფი პირების  არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური გარანტიები (ადვოკატზე წვდომა, ექიმზე წვდომა, დაკავების შესახებ შეტყობინება) ყველა ვითარებაში და ნებისმიერ დროს.  შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში   მიზანშეწონილი იყოს პრევენციული ზომების მიღება (მაგალითად, სიმპტომების მქონე პირებისთვის დამცავი ნიღბების გაკეთების მოთხოვნა).

 

10) დამოუკიდებელი ორგანოების, მათ შორის პრევენციული ეროვნული მექანიზმების (NPM) და CPT-ს  მიერ განხორციელებული მონიტორინგი წარმოადგენს არასათანადო მოპყრობისგან დაცვის აუცილებელ გარანტიას. სახელმწიფოებმა უნდა განაგრძონ მონიტორინგის ორგანოებისთვის წვდომის უზრუნველყოფა ყველა დაკავების ადგილებზე, მათ შორის იმ ადგილებზე, სადაც პირები კარანტინში იმყოფებიან. ამასთან, ყველა მონიტორინგის ორგანომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო სიფრთხილის ზომა, რათა დაიცვან ”არ ავნო“ პრინციპი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე აქვთ ხანდაზმულ პირებთან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან

სტრასბურგი, საფრანგეთი 20 მარტი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page