Back სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე
სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

2018 წლის 30 მარტს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების / განჩინების საფუძველზე”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაიონული, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეები და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბ-მა კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში და ქ-მა ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბ-მა კრისტიან ურსემ აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლება, ცნობს რა სტრასბურგის სასამართლოს უფლებამოსილად დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, იღებს პასუხისმგებლობას აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღასრულო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელი შეუწყო  ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას ევროპის კონტინენტზე, რაც არის სწორედ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი.“

ქ-მა ნინო გვენეტაძემ მიმართა დამსწრე საზოგადოებას: „დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაა. ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზედმიწევნით და სიზუსტით აღსრულება, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე სამართალწარმოების დასკვნითი ფაზა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გადაწყვეტილებათა სათანადოდ აღსრულება წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას იმ მიზნის მისაღწევად, რაც მოცემულია კონვენციის პირველ მუხლში, რომლის მიხედვითაც, „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“. კონვენციაც, როგორც „ცოცხალი ორგანიზმი“, როგორც მას სტრასბურგის სასამართლომ უწოდა, სწორედ „მიზნად ისახავს დაიცვას არა თეორიული ან ილუზორული, არამედ კონკრეტული და ეფექტიანი უფლებები“. ევროპული სტანდარტების შესრულება კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის სავალდებულოა.  აღნიშნულ პროცესში უზენაესი სასამართლოს როლი უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც იგი ახდენს კანონმდებლობის გამოყენებასა და განმარტებას. ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზენაესი სასამართლო, როგორც განმცხადებლის მიერ სტრასბურგის სასამართლოსათვის მიმართვამდე ,,საბოლოო კარიბჭე’’, სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შორის ,,ხიდის’’ ფუნქციას ასრულებს.“

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ, ეფექტურ და დროულ აღსრულებაში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე, მიმოიხილეს საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა  მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობისა და შესაბამისი სასამართლო სტრუქტურების მიერ ეფექტური ანალიტიკური მუშაობის მნიშვნელობას.

ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page