Back

ტრენინგი თემაზე „ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“

9-13 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ტრენინგი თემაზე „ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებებში“

ევროპის საბჭოს მიერ 2022 წლის 9-13 ნოემბერს თბილისში ორგანიზებული ერთდღიანი ტრენინგების სერიის მეშვეობით, პენიტენციური სისტემის 75-ზე მეტმა თანამშრომელმა (ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რეჟიმის და უსაფრთხოების თანამშრომლები)  აიმაღლა ცნობიერება ოპიოიდების აგონისტებით გრძელვადიანი მკურნალობის შესახებ (ოათ). 

ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობა არის ჩანაცვლებითი თერაპიის ფორმა, რომელიც განკუთვნილია ოპიოიდებზე დამოკიდებულ (მაგალითად, ჰეროინზე დამოკიდებული) ადამიანებისთვის. მკურნალობის დროს გამოიყენება ოპიოიდების აგონისტები ან ნაწილობრივ აგონისტები, რომლებსაც აქვთ ჰეროინისა და მორფინის  მსგავსი ან იდენტური ზემოქმედება ნერვულ სისტემაზე, ამსუბუქებს აღკვეთის სიმპტომებს და ბლოკავს ლტოლვას აკრძალული ოპიოიდების მიმართ. ოათ-ის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მეტადონით ჩანაცვლებითი მკურნალობა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ყველაზე ეფექტური გზა ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, აივ-ის და C ჰეპატიტის გადაცემის რისკის  და დოზის გადაჭარბების რისკის შესამცირებლად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამოქალაქო სექტორში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპიოიდების აგონისტებით მკურნალობაზე/თერაპიაზე (ოათ) ხელმისაწვდომობა, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში ოათ ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ოათ ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომია საზოგადოებაში, ეს მკურნალობა ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებებში. ამჟამად, ოათ უზრუნველყოფილია ორ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა დაგეგმილია გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის ეტაპობრივი დანერგვა საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში თერაპიის  უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და გრძელვადიანი თერაპიის შეუფერხებლად დანერგვის უზრუნველყოფის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ოათ-სთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პენიტენციური დაწესებულების პერსონალის ცნობიერების ამაღლებას.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.