Back სამართალდამცავები შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი რეაგირების პრაქტიკას გაეცნენ

სამართალდამცავები შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი რეაგირების პრაქტიკას გაეცნენ

2023 წლის 23-24 მაისს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა თემები, რომელიც მნიშვნელოვანია შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. მენეჯერები ასევე,  გაეცნენ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საუკეთესო პრაქტიკას.

,,ძალზე მნიშვნელოვანია იმ გამოწვევათა განხილვა, რომელთაც შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას  ვაწყდებით. აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის  მნიშვნელოვანია   სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობა.  ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ეს  შეხვედრა  გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმარება  საფუძვლიანად გაეცნონ  ECHR-ის სტანდარტებს, იმსჯელონ პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.  ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ  ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, ვინაიდან სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პროკურატურაში დაინერგა პროკურორთა სპეციალიზაცია, გაფორმდა მემორანდუმი და გაძლიერდა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.“ - განაცხადა სალომე შენგელიამ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

გიორგი ოსაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, აღნიშნა: „ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახლა, ჩვენი გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესში, უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, ჩვენი გამოცდილება და ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გაგვეზიარებინა კოლეგებისთვის. აგრეთვე, ეს იყო ჩვენთვის შესაძლებლობა, წარმოგვედგინა ჩვენი რეკომენდაციები შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირების და გამოძიების შესახებ.“

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: აღქმით და ასოციაციით დისკრიმინაციის შემცველი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ქმედითი გამოძიების ვალდებულება, სიძულვილის ენა, როგორც შეუწყნარებლობის მოტივის ინდიკატორი, წინააღმდეგობრივი ჩვენებები, შეუწყნარებლობის მოტივის დადგენა და უდანაშაულობის პრეზუმფცია, ქმედების კვალიფიკაცია, მეორეული ვიქტიმიზაცია, რასობრივი პროფილირება, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, ასევე, თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან ბრძოლა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ პროგრესი შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულსა და დისკრიმინაციაზე რეაგირების და პრევენციის კუთხით, რომელიც მიმართულია საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ. ამ შეხვედრაზე გამოვლინდა ძალოვანი ინსტიტუტების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“- განაცხადა ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.

„სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება და სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, გაიზარდა სიძულვილის ენის გამოყენების და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევები. ჩვენ უნდა დავინახოთ სახელმწიფოს გადაწყვეტილება და მონდომება ამ გამოწვევებზე სამუშაოდ და გასამკლავებლად. მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და ევროპის საბჭოსთან, და გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების და საჯარო ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებით“ - აღნიშნა რებეკა ლიმ, საქართველოსა და სომხეთში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

სოფი ვესტერბერგმა, შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა და განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა მოადგილემ, განაცხადა: „შვედეთის მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა, განსაკუთრებით ლგბტქი პირების, დაცვისა და სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულზე რეაგირების გასაუმჯობესებლად, ურყევია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის საბჭოს დახმარებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რადგან უნდა დაჩქარდეს ამ მიმართულებით მუშაობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, რათა საზოგადოების ყველა წევრმა თავი დაცულად და თანასწორად იგრძნოს.“

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

24 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page