Back ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“

ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ევროპის საბჭომ წარადგინა  კვლევა „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა.“

ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში. კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმა და ინფორმირებულობაისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 56% ფიქრობს რომ მრავალფეროვნება ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა. თუმცა, 36% მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა, რისი ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს.“

ზოგადად, უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შედარებით ნეგატიურია დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების, ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების და ლგბტ თემის მიმართ.

ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პრობლემად მიიჩნევს, დაახლოებით, სამიდან ერთი ადამიანი, ხოლო სიძულვილის ენას - ორიდან ერთი. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ლგბტ ადამიანები არიან. ლგბტ თემის შემდეგ, ასევე ასახელებენ იეჰოვას მოწმეებს და მიგრანტებს ევროპის გარეთ ქვეყნებიდან.

ზოგადად, უმრავლესობის ჯგუფების მიერ უმცირესობათა პრობლემების აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება უმცირესობების აღქმისგან იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი აწყდებიან.

ადამიანები საშუალოდ ინფორმირებულნი არიან დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. 23% იცნობს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. 23% ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობს დამატებითი სასჯელი დანაშაულისთვის, რომლის მიზეზიც ისაა, რომ მსხვერპლი რომელიმე უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელია, მაშინ როდესაც 41% ფიქრობს, რომ მსგავსი დამატებითი სასჯელი არ არსებობს.

რაც შეეხება დარღვეული უფლებების აღმდგენ მექანიზმებს, ზოგადად, მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია, მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის თანასწორობის, ანტი-დისკრიმინაციისა  და ადამიანის უფლებების შესახებ. კამპანია ტარდება პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის, პარლამენტის, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ პროექტისთვის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.

16 ნოემბერი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page