Back ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში

ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში

21-22 მარტს, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელება საქართველოში: ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას არსებული გამოწვევები და მიღწევები.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა გახსნეს. გამოსვლისას ხაზი გაესვა ლანსაროტის კონვენციისა და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას ბავშვთა მიმართ სექსუალურ ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დაცვის უზურუნველსაყოფად  ქვეყანაში.

ლანსაროტის კონვენციაზე, როგორც ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების გაძლიერების ინსტრუმენტზე ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილიმა,    საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ. 

სექსუალური ექსპლუატაცია და სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე ცუდი ფორმებია. ლანსაროტის კონვენცია სახელმწიფოებისგან ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საერთო რეაგირებას ითხოვს „4 პ მიდგომის“ გამოყენებით, რომელიც გულისხმობს პრევენციას (Prevention), დაცვას (Protection), დევნას (Prosecution) და ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას (Promotion).

მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა ლანსაროტის კონვენციის გაცნობა შესაბამისი ორგანოებისა და პროფესიონალებისთვის, ეროვნულ დონეზე ამ კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა, და ამ მიზნით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მიწოდება.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლანსაროტის კომიტეტის მონიტორინგის პირველი რაუნდის შედეგებს, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვების დაცვას სექსუალური ძალადობისგან, რომელსაც ნდობის წრეში აქვს ადგილი, და ასევე იმას, თუ რა ვითარებაა საქართველოში ლანსაროტის კომიტეტის რეკომენდაციების განხორციელების თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის მეორე რაუნდის მიმოხილვა, რომელიც ეძღვნება ბავშვთა დაცვას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით  სექსუალური ექსპლუატაციისაგან და სექსუალური ძალადობისგან. 

ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ლანსაროტის კონვენცია", საქართველოში 2015 წელს შევიდა ძალაში. ლანსაროტის კონვენცია არის ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, ამ დანაშაულების პრევენციას, და დამნაშავეთა დასჯას. ლანსაროტის კონვენციის განხორციელებით საქართველოს წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში (კერძოდ,  მიზნები 16.1 და 16.2).

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page