Back გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა DataFesT Tbilisi ფესტივალზე

გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა DataFesT Tbilisi ფესტივალზე

წელს უკვე მეორედ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში DataFest Tbilisi 2022-ის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.

ფესტივალის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ევროპის საბჭოს ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის დოქტორი, გუნია კაზიმზადე, რომელმაც  ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებში გენდერული მიკერძოებების შესახებ. აღნიშნული გამოსვლა მიზნად ისახავდა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ინდუსტრიის პროფესიონალებისა და ტექნიკური ექსპერტებისთვის, ცნობიერების ამაღლებას იმ საკითხზე, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ არის ობიექტური და ის ტექნოლოგიურ დონეზე ასახავს მიკერძოებულობებს, რომელიც საზოგადოებაშია.  ქ-ნ კაზიმზადემ ასევე ისაუბრა თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი მიკერძოებულობების პრევენცია და პასუხისმგებლიანი AI პრაქტიკების განვითარება. 

ციფრულ სფეროში ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობას, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში GREVIO) აღიარებს, როგორც მზარდ გლობალურ პრობლემას მძიმე შედეგებით. სწორედ ამ საკითხზე GREVIO-მ შეიმუშავა პირველი ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ციფრულ სფეროში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინებისა და კონცეფციის განმარტებას, ამასთან, აღნიშნული ფენომენის პრევენციისა და აღკვეთისთვის რეკომენდაციების გაცემას სტამბოლის კონვენციის ოთხი სვეტის გათვალისწინებით (4 Ps). ეს სვეტებია: პრევენცია, დაცვა, სისხლისსამართლებრივი დევნა და კოორდინირებული პოლიტიკა.

სტამბოლის კონვენცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მდგრადი ზომები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, რომელიც მიმართული იქნება მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისკენ, იმ დამოკიდებულებათა, გენდერული როლებისა და სტერეოტიპების შეცვლისკენ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მისაღებს ხდის. პირველი ზოგადი რეკომენდაციით, GREVIO წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს პრევენციული ზომების მიღებისკენ, მათ შორის, წაახალისონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა (ICT) სექტორი და ინტერნეტშუამავლები, მათ შორის, სოციალური მედია პლატფორმები, რათა მათ აქტიური ძალისხმევით გამორიცხონ გენდერული მიკერძოება სხვადასხვა ჭკვიანი პროდუქტების, მობილური ტელეფონის აპლიკაციებისა და ვიდეო თამაშების დიზაინის შექმნისას, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში.

ფესტივალის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, მკვლევარებს, ანალიტიკოსებს, მონაცემთა დიზაინერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა სამ თემატურ დატატონში საკუთარი პროექტების წარგდენით. გამარჯვებული პროექტებიდან ორი შეეხებოდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემას. გამარჯვებულები გააგრძელებენ თავიანთ პროექტებზე მუშაობას და დასრულებული პროდუქტები 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. აღნიშნული მოიცავს მეწარმე ქალთა ვიდეო ისტორიას და ონლაინ ქვიზს იმის გასარკვევად, არის თუ არა ადამიანი ძალადობრივ ურთიერთობაში.

ევროსაბჭოს პროექტები „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“, “თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში” და „საქართველოში მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების მხარდაჭერა“ ფესტივალზე წარმოდგენილნი იყვნენ სტენდით, სადაც მონაწილეებს უზიარებდნენ ინფორმაციას ქალთა და ოჯახში ძალადობის, მრავალფეროვნების და სიტყვის თავისუფლების შესახებ და აძლევდნენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღოთ ქვიზში, იმის გასარკვევად იყვნენ თუ არა ისინი გენდერულად მიკერძოებულები. ქვიზში მონაწილეობა დაახლოებით 150-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც ასევე ჩაერთვნენ სექსიზმის თემასა და საზოგადოებაში მისი პრევენციის შესახებ დისკუსიაში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page