ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს 2025 წლის 21-23 იანვარს ეწვია. მან საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და გახსნილი დისკუსიებისთვის. ვიზიტის დროს კომისარმა აქტიურად იმუშავა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. იგი აღფრთოვანებას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველების სიმტკიცის თაობაზე, რომლებიც სულ უფრო რთულ პირობებში მუშაობენ.
კომისარი მოუწოდებს გატარდეს ზომები ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების აღსაკვეთად.
კომისარი ო'ფლაერტი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ ხდება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებასა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების („ტიტუშკების“) პასუხისგება, 2024 წლის აპრილისა და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დემონსტრაციების კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ მიუხედავად სასტიკი მოპყრობის შესახებ არაერთი სარწმუნო ანგარიშისა, არცერთი სამართალდამცველი პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, მათ შორის არც 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომისარი ყურადღებას ამახვილებს თავის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომ ყველა სამართალდამცავმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ, კომისარი აღიარებს დეკემბრის მეორე ნახევარში, პროტესტის გაგრძელების დროს, სამართალდამცველი ორგანოების მეტ თავშეკავებას, იგი შეშფოთებას გამოთქვამს პროტესტის ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი გარკვეული ცვლილებების გამო. ეს შეზღუდვები მოიცავს მომიტინგეების მიერ სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას, ადმინისტრაციული დაკავების, ჩხრეკისა და ძალის გამოყენებით დაკავების შესაძლებლობების გაზრდას და უფრო მკაცრ ჯარიმებს საჯარო პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ასევე ამ ახალი დებულებების თითქმის დაუყოვნებლივ გამოყენებასთან დაკავშირებით. "მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება არ დაირღვეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით", — განაცხადა კომისარმა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ასუსტებს საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისგან დაცვას. “ვწუხვარ, რომ ეს ადამიანის უფლებებისადმი მგრძნობიარე კანონები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, საკონსულტაციო პროცესის გარეშე", — აცხადებს კომისარი.
ხელისუფლებასთან შეხვედრისას კომისარმა წამოჭრა ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც მან საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. მზია ამაღლობელი შიმშილობს მას შემდეგ, რაც 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმისთვის. "იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით", — თქვა კომისარმა.
კომისარი შეშფოთებას გამოხატავს მძვინვარე დეზინფორმაციისა და მასტიგმატიზირებელი კანონმდებლობის კომბინაციის საშუალებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროების გამო. „ხელისუფლებასთან დისკუსიისას მე აღვნიშნე ჩემი საჯაროდ გამოთქმული პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ადამიანის უფლებების გავლენის შესახებ ის ფაქტი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული ამჟამინდელი ფორმით,“ – განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტიმ და იქვე აღნიშნა, რომ, კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების მქონე ორგანიზაციები“, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მოქმედებენ როგორც ასეთები. „მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ არავინ დაუჯარიმებია რეესტრში რეგისტრაციის არ გავლის გამო, ავტომატური, დაუდასტურებელი და უტყუარი პრეზუმფციის არსებობა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას,“ - დასძინა კომისარმა.
კომისარი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ახლახან მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის თაობაზე. მას მიაჩნია, რომ ეს კანონი ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებელია და ასევე, როგორც უკვე აღნიშნა, დისკრიმინაციული და მასტიგმატიზირებელია. სხვა საკითხებთან ერთად, კანონი კრძალავს ლგბტი ადამიანების პოზიტიურ მოხსენიებას ლიტერატურაში, კინოსა და მედიაში, სკოლებსა და საზოგადოებრივ შეკრებებზე. გარდა ამისა, იგი კრძალავს სქესის სამართლებრივ აღიარებას, არაკანონიერს ხდის პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და სახელმწიფოს გაცემულ სხვა დოკუმენტებში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლას და აწესებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უწევენ ტრანსსპეციფიკურ ჯანდაცვას. „მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება ჯერ არ დაწყებულა, მისი გავლენა უკვე იგრძნობა ადგილზე, რაც გამოიხატება ლგბტი ადამიანებისთვის ჯანდაცვასა და სხვა საბაზისო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომით, სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლად გახდომის გაზრდილი შიშით და ლგბტი ადამიანების მიმართ სტიგმის გაღრმავებით“, – განაცხადა კომისარმა ო’ფლაჰერტმა.
კომისარი აღნიშნავს, რომ ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობა, ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის დაუყოვნებელი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის უუნარობა და სამოქალაქო საზოგადოებაში მტკიცე აღქმა იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ სამართლიანობის მიღწევა საქართველოს სასამართლოებში, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, ნებისმიერი რეფორმის გატარებისას ყურადღებით განიხილოს კანონების მთლიანობის კუმულაციური გავლენა და პატივი სცეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს ბექა ძამაშვილს და ნიკო თათულაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, გენერალურ პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი ბადაშვილს და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს.
ეს ვიზიტი აღნიშნავს კომისრის განგრძობად ვალდებულებას, ითანამშრომლოს წევრ სახელმწიფოებთან და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს. იგი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე, ღია დიალოგს ელის.