Back თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად თანასწორობის ჰაკათონი გაიმართება

თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად თანასწორობის ჰაკათონი გაიმართება

18-20 ივნისს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ფორსეტის ორგანიზებით თანასწორობასა და მრავალფეროვნების  მხარდასაჭერად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით   სამდღიანი თანასწორობის ჰაკათონი გაიმართება.  

თანასწორობის ჰაკათონის მიზანია მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტების განვითარება, რომელიც დისკრიმინაციული პრაქტიკისა და საზოგადოებაზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ ინფორმაციის ვიზუალიზაციას მოახდენს.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტატისტიკოსს, გრაფიკულ დიზაინერს, ვებ დეველოპერს, კომუნიკაციის სპეციალისტს, მკვლევარს, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტს და  მონაცემებითა და თანასწორობის საკითხებით სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

ღონისძიების ფარგლებში 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად  ისეთი ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ, რომლებიც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. გამარჯვებულ გუნდს ან გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზი.

ჰაკათონის ფარგლებში გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ ისეთი პროდუქტები შექმნან, როგორებიცაა:

  • ინტერაქტიული ვიზუალიზაცია;
  • ინფოგრაფიკების სერია;
  • მობილური ან ვებ თამაში ან აპლიკაცია;
  • ქვიზი;
  • ანიმაციური ვიდეო;
  • სოციალური ექსპერიმენტი და სხვა.
  •  

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 11 ივნისამდე. მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.

თანასწორობის ჰაკათონამდე, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და თანასწორობის თემატიკაზე ონლაინ ვებინარები ჩატარდება. პირველი ონლაინ ვებინარი „მონაცემთა ვიზუალიზაცია თანასწორობის ადვოკატირებისთვის” პირველ ივნისს უკვე გაიმართა. ვებინარის ვიდეო ხელმისაწვდომია ონლაინ. მეორე ვებინარი „როგორ შევქმნათ მონაცემებზე დაფუძნებული ამბავი სწორად?” ჩატარდება 7 ივნისს Zoom-ის პლატფორმით და ამავდროულად ფორსეტის Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. უფრო მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ღონისძიების ბმული.

თანასწორობის ჰაკათონი ორგანიზებულია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და ფორსეტის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და News.On.ge-ისთან პარტნიორობით.

თანასწორობის ჰაკათონი ხორციელდება კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ - მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

2 ივნისი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page