Back ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანო უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და პოლიციას უფრო ძლიერი ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანო უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და პოლიციას უფრო ძლიერი ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO), დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოში კორუფციის პრევენციის მიზნით გადამწყვეტი ზომების გატარებისაკენ მოუწოდა უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

GRECO აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რიგი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორისაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიღება, რომელიც კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ რიგ დებულებას შეიცავს. საქართველოს ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დეკლარირების საკმაოდ ყოვლისმომცველი სისტემა აქვს და ეს დეკლარაციები ონლაინ რეჟიმში, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. 2023 წლის შეფასების ვიზიტისას საქართველო კორუფციული რისკის მართვის ახალი მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში იყო, ასევე ძალისხმევა ეთმობოდა სამართალდამცავი ორგანოების შიდა მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებას, განსაკუთრებით პოლიციის არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის მიზნით.

GRECO ანგარიშში საქართველოს მოუწოდებს მიიღოს კონკრეტული სტრატეგია აღმასრულებელ ხელისუფლებაში კორუფციის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან 2020 წლის შემდეგ არ შემუშავებულა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს ქცევის კოდექსი, რომელიც კონკრეტულად უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებზე გავრცელდება. მათთვის უნდა შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტისა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ მკაფიო მითითებები.

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ დანიშვნების პროცედურა არ მოიცავს კეთილსინდისიერების შემოწმების ნაწილს, რაც ინტერესთა კონფლიქტის რისკების თავიდან აცილების საშუალება იქნებოდა უმაღლეს აღმასრულებელ პოზიციებთან მიმართებით. არსებობს ლობისტური საქმიანობის რეგულაციები, მაგრამ არ ხდება მათი პრაქტიკაში აღსრულება. ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დეკლარაციების შერჩევის პროცესში საჭიროა რისკებზზე დაფუძნებული მიდგომის შემუშავება. GRECO, ასევე მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი ზომების საჭიროება ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი ფუნქციების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა ბიუროს გაზრდილი ოპერატიული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ადეკვატური ფინანსური და ადამიანური რესურსების მიწოდების გზით.

GRECO რეკომენდაციას უწევს გაუმჯობესდეს მთავრობაში მრჩევლების დანიშვნის  გამჭვირვალობა, უფრო მკაცრი წესები იქნას გამოყენებული საჩუქრებისა და სხვა შეღავათებისთვის, ასევე დასაქმების შემდგომ შეზღუდვებთან მიმართებით.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირთა სისხლისსამართლებრივი გამოძიების და დევნის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. GRECO ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად.

რაც შეეხება სამართალდამცავ სტრუქტურებს (საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია), GRECO რეკომენდაციას იძლევა, რომ შეიქმნას ოპერატიული ანტიკორუფციული სტრატეგია, სამართალდამცავი ორგანოების სამოქმედო გეგმებთან ერთად. საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დონეზე რეგულარულად ჩატარდეს ბიოგრაფიული მონაცემების/თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებები, უფრო ხშირად კი კორუფციული რისკებისადმი მოწყვლადობისა და უსაფრთხოების საჭირო დონის გათვალისწინებით.

GRECO, ასევე, აღნიშნავს პოლიციელებისთვის მთელი კარიერის განმავლობაში, კეთილსინდისიერების შესახებ, სავალდებულო და უწყვეტი ტრენინგის აუცილებლობას ასევე პოლიციის ეთიკის კოდექსის განახლებისა და ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე პოლიციელების მიერ კონფიდენციალური რჩევების მიღების პროცედურის დანერგვის საჭიროებას. და ბოლოს,მიღებული უნდა იქნას და დაინერგოს პოლიციაში მამხილებელთა დაცვის ზომები.

საქართველოს მიმართ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას GRECO 2025 წელს შესაბამისობის სპეციალური პროცედურის მეშვეობით შეაფასებს.

• ანგარიშის ბმული: ENG – FRA – GEO*

* საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული არაოფიციალური თარგმანი

სტრასბურგი, საფრანგეთი 9 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge