Back ევროპის საბჭომ მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემია დაიწყო

ევროპის საბჭომ მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემია დაიწყო

„ევროპის საბჭოს მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიამ“ გააერთიანა  მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროში მოღვაწე ექსპერტები, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ღონისძიების მთავარი მესიჯის გარშემო “ხელისუფლება მოქალაქეებისთვის, ხელისუფლება მოქალაქეების მიერ.“

ორდღიანი ონლაინ ღონისძიება ემსახურებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინოვაციური ინსტრუმენტებისა და მექანიზმების პოპულარიზაციას. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს  და  საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიზნით მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს კლაუდია ლუჩიანიმ, ევროპის საბჭოს ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, შტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ალექსანდერ კარნერმა, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

შტეფან სირბუმ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა: ვინაიდან სამოქალაქო ჩართულობა წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ძირეულ ელემენტს და განაპირობებს სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის გაძლიერებას, ევროპის საბჭოს ახალი პროექტი -  „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ - ემსახურება მარტივ, მაგრამ ძალიან ღირებულ მიზანს: გადაწყვეტილების მიღების პროცესები გახდეს უფრო ღია და ინკლუზიური, რათა მაქსიმალურად მიეცეს საშუალება სამოქალაქო საზოგადოებას მიიღოს მონაწილეობა და გაიზიაროს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში".

მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების აუცილებელი პირობაა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარება პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რაც ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილიცაა. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებით უზრუნველყოფილია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში მაღალი ხარისხის ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“

რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა: დღეს, ღია მმართველობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა: კორუფციასთან ბრძოლა, ციფრული მმართველობის გაძლიერება, მონაწილეობითი პროცესების გაუმჯობესება, თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შექმნა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. აღნიშნული ეხმიანება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგს. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N629- დადგენილებით დაამტკიცაპოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემა ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპებს დაუახლოვდა. შემუშავდა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე საჯარო კონსულტაციების სავალდებულოდ ჩატარების წესს.“

ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური და ინკლუზიური მონაწილეობის მიღწევის ინსტრუმენტებისა და მიდგომების შესახებ. მათ გაიფართოვეს ცოდნა მონაწილეობითი დემოკრატიის კონცეფციისა და ინსტრუმენტების შესახებ და ერთობლივად განსაზღვრეს  სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

პროექტის აღწერა

19 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page