Back თბილისში გაიმართა კონფერენცია: დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა - მოქმედების დროა

თბილისში გაიმართა კონფერენცია: დავასრულოთ ქალთა მიმართ ძალადობა - მოქმედების დროა

იტალიის საელჩომ და ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის დასასრულებლად მოქმედების ხელშეწყობასა და   ცნობიერების ამაღლებას. კონფერენცია მოეწყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იტალიის თავმჯდომარეობის კონტექსტში.  

დისკუსიის ფოკუსს წარმოადგენდა გენდერული ძალადობის შედეგები, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (შემდგომში - სტამბოლის კონვენცია) ჭრილში, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2017 წელს მოახდინა. კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა განეხილათ სტამბოლის კონვენციის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კვლავ არსებული გამოწვევები და ქალთა გაძლიერებისთვის საჭირო შემდგომი  ქმედებები. კონფერენციის ფარგლებში საკითხები გლობალურ და ეროვნულ კონტექსტში განხილულ იქნა ინტერდისციპლინარული მიდგომის გამოყენებით.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა.

შეხვედრის დროს, იტალიის ოჯახისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრმა ელენა ბონეტიმ დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „ქალთა გაძლიერება აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ეკონომიკური ძალადობის პრევენციის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა პროფესიონალური და პირადი ცხოვრების ბალანსზე, იმისთვის, რომ ქალები არ იყვნენ ვალდებულნი არჩევანი გააკეთონ ოჯახსა და სამსახურს შორის“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სახვადასხვა მიმართულებით. საბჭო მუშაობს სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე, არა მხოლოდ სტატუსის შემოწმების, არამედ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების დანერგვის მიზნით. 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული გვაქვს ამ საკითხზე კიდევ უფრო სიღრმისეულად მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში, სექტორთან და დონორებთან თანამშრომლობით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება,“ - განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ პირს, საჯარო მოხელეს თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, შეუძლია ცვლილებების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ცნობიერების ამაღლებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გამოვლენისადმი ერთგულებას. ეს არის ამ კონფერენციის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოში „გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების თვის“ ფარგლებში ჩატარდა“ - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ კვლავ დავადასტუროთ ჩვენი ღირებულებები, გავზარდოთ ჩვენი ვალდებულებები და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშესახები შედეგების მისაღწევად“.

მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების  ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებას.

კონფერენცია მოეწყო ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 28 მარტი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page